ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური
ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური ჩემი ბავშვობისდროინდელი სიყვარულია, დედა მიცხობდა ხოლმე. ჩემს შვილებსაც ძალიან მოსწონთ. გამოვიყენე საფუარიანი ცომი ამ რეცეპტიდან, ორი კვეცხიც დავამატე ცომში და ძალიან ნაზი და გემრიელი გამოვიდა. სცადეთ, მოგეწონებათ.
მასალა 20 სმ დიამეტრის 8 ხაჭაპურისათვის:
1 კგ ფქვილი,
2 შეკვრა მშრალი საფუარი,
2 პატარა კვერცხი
4 სკ მცენარეული ზეთი,
2 ჩკ მარილი,
1 სკ შაქარი,
600-700 მლ სითხე (რძე და წყალი შერეული),
1 კგ მშრალი ყველი
ზეთი შესაწვავად
მომზადება:
ფქვილი გაცერით საფუართან და მარილთან ერთად დიდ ჯამში, შეურიეთ შაქარიც. შუაში გააკეთეთ ღრმული, ჩაასხით შიგნით 2 სკ ზეთი, ჩაახალეთ კვერცხები, ნელ-თბილი რძის და წყლის ნარევის ნაწილი და დაიწყეთ ფქვილის შერევა. სითხე თანდათანობით ამატეთ და თან ზილეთ. სხვადასხვა სახის ფქვილს განსხვავებული რაოდენობის სითხე სჭირდება. მოზილეთ გლუვი და ელასტიური ცომი. ზელვის პროცესში ხელი პერიოდულად დაისველეთ დარჩენილ ზეთში და ზილეთ, სანამ ზეთი მთლიანად არ შეეზილება ცომს. ბოლოს ზედაპირზე თხლად გადაუსვით ზეთი, გადააფარეთ კულინარული ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას, ვიდრე ცომი მოცულობაში არ გაორმაგდება.
სანამ ცომი აფუვდება, მოამზადეთ გულსართი: ჯამში ხელით დაფშვენით ყველი, ან გახეხეთ და კარგად აზილეთ.
გაფუებული ცომი გადაზილეთ, მოათავსეთ ფქვილმოყრილ ხის დაფაზე, გაყავით 8 ნაწილად, გააკეთეთ გუნდები და ისევ გადააფარეთ ცელოფანი.
ყველიც გაყავით 8 ნაწილად.
ხაჭაპური მოახვიეთ ისე, როგორც ამ რეცეპტშია აღწერილი:
აიღეთ ცომის ერთი გუნდა, ოდნავ გააბრტყელეთ, ზევიდან დაადეთ ყველის ერთი ნაწილი, ცომს თავი მოუკარით და გააბრტყელეთ ტაფის დიამეტრის ზომაზე. გაბრტყელებისას ეცადეთ ყველი თანაბრად გადაანაწილოთ.
ტაფაზე დაასხით 1 სკ ზეთი, ზომიერად გააცხელეთ, ხაჭაპური ფრთხილად გადაიტანეთ ტაფაზე, ფორმა შეუსწორეთ და ზომიერად შებრაწეთ ერთი მხარე.
შემდეგ კულინარული ნიჩბით გადააბრუნეთ, დანით რამოდენიმე ადგილას ზედაპირი ჩაუჭერით და შებრაწეთ სასურველ კონსისტენციამდე.
ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური ცხლად მიიტანეთ სუფრასთან.
მიირთვით გემრიელად!
უკაცრვად, ორი შეკვრა საფუარი რამდენი ჩაის კოვზია დაახლოებით?
ნონა, თითო 7 გრამიანი შეკვრა საფუარი არის დაახლოებით 2 ჩკ, ესე იგი დაგჭირდებათ 4 ჩკ :)