სრულმარცვლოვანი სპაგეტი ბოლონეზე
სრულმარცვლოვანი საკვების მარგებლობაზე ალბათ ყველას სმენია და წაუკითხავს. სრულმარცვლოვანი ფქვილი მზადდება მარცვლოვანების მთლიანი მარცვლიდან, რომელსაც არ აქვს მოცილებული კანი. სწორედ კანია მდიდარი ცილებით, გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებით, B1 და B2 ვიტამინებით, არაორგანული ელემენტებით, მაგალითად მაგნიუმით, კალციუმით და რკინით. რთული ნახშირწყლები, რომლებსაც სრულმარცვლოვანი საკვები შეიცავს, დიდხანს ჩერდება კუჭში, ჯირჯვდება და სიმაძღრის შეგრძნებას იწვევს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ სრულმარცვლოვანი ფქვილისაგან მომზადებული საკვები სასარგებლოა, ძალიან გემრიელიცაა.
გთავაზობთ სრულმარცვლოვანი სპაგეტი ბოლონეზეს რეცეპტს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ.
მასალა:
- 250 გ სრულმარცვლოვანი სპაგეტი (ხორბლის ან იფქლის)
- 1 თავი ხახვი
- 1-2 კბილი ნიორი
- 500 გ გატარებული ძროხის ხორცი
- 400 გ წვრილად დაჭრილი ან დაკონსერვებული პამიდორი
- ზეითუნის ზეთი
- დაფქული ქინძი, მსხვილი მარილი
- მსხვილად დაფქული მწარე წითელი წიწაკა ან ნედლი მწარე წიწაკა
- ნედლი ოხრახუში და ქინძი ან ბაზილიკი
მომზადება:
წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეითუნის ზეთში, დაამატეთ გატარებული ხორცი და ინტენსიურად ურიეთ, რომ ხორცი არ შეწებდეს. აცალეთ კარგად ჩაშუშვა. შემდეგ დაამატეთ პამიდორი და გააგრძელეთ ხარშვა. თუ პამიდვრის წვენი ამოშრება და ხორცი ჯერ მზად არ იქნება, ცოტა ადუღებული წყალი დაამატეთ. ხარშვის დროს ჩაამატეთ წიწაკა. როცა ხორცი ჩაიშუშება, შეკმაზეთ მარილით, ქინძის თესლით და გაჭყლეტილი ნივრით. დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. ცოტა მწვანილი მოიტოვეთ დეკორაციისათვის.
აადუღეთ ქვაბში წყალი, დაამარილეთ, ჩაყარეთ სპაგეტი და მდუღარე წყალში კარგად გაანაწილეთ. ხარშვის პროცესში პერიოდულად ურიეთ, რომ არ შეწებდეს. ხარშვის ხანგრძლივობა თავად განსაზღვრეთ. მოხარშული სპაგეტი გადაიტანეთ საწურზე და წყალი გადაავლეთ.
ცხელი სპაგეტი მოათავსეთ თეფშზე, ზევიდან მოასხით ბოლონეზე სოუსი და მოაყარეთ მწვანილი. შეგიძლიათ მოაფრქვიოთ გახეხილი ყველიც.
მიირთვით გემრიელად!
პ.ს.-1 ხორცის სოუზს ხარშვის პროცესში შეგიძლიათ დაუმატოთ, აგრეთვე, მსხვილად გახეხილი სტაფილო და (ან) კუბებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა.
პ.ს.-2 სრულმარცვლოვანი მაკარონების სხვადასხვა ნაირსახეობა ძალიან გემრიელია მოხარშვის შემდეგ ტაფაზე ცოტა ცხიმში გაცხელებული, სოუსის გარეშეც კი!