ხორციანი ბლინჩიკები
ხორციანი ბლინჩიკები ალბათ ბევრი თქვენგანის საყვარელი კერძია. მისი გაკეთება ძნელი არაა, მაგრამ გარკვეულ დროს მოითხოვს. თუ კი მომზადებას გადაწყვეტთ, უკეთესია იმაზე მეტი მოამზადოთ, ვიდრე გჭირდებათ და ნაწილი საყინულეში გაყინოთ პატარა ულუფებად დახარისხებული. ძალიან მოსახერხებელია უცებ გამოსაყენებლად. ალბათ რეცეპტის სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ჩვენ (ჩემი ოჯახის წევრებს) მოგვწონს ბლინჩიკები პილპილით გემრიელად შეკმაზული შერეული ფარშით და ბრინჯის გულსართით. ბლინჩიკების კეთება სახალისოა ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად – ზოგი ბლინებს აცხობს, ზოგიც ახვევს.
მოამზადეთ და ისიამოვნეთ.
მასალა:
მასალა ცომისათვის:
- 10 კვერცხი
- 1 ლ წყალი (ან წყალი და რძე სერეული)
- 600 გ ფქვილი (დაახლოებით)
- 1/2 ჩკ მარილი
მასალა შიგთავსისათვის:
- 1 კგ შერეული გატარებული ხორცი
- 2 თავი ხახვი
- 100 გ ბრინჯი
- მარილი და პილპილი უხვად
- ზეთი ხორცის და ბლინჩიკების შესაწვავად
მომზადება:
ხორცის გულსართი:
გულსართის მომზადების წესი იხილეთ ხორცის ღვეზელის რეცეპტშიც.
ღრმა ტაფაში მსუბუქად მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში. ჩაამატეთ გატარებული ხორცი, კოვზით კარგად დაანაწილეთ და ჩაშუშეთ ზომიერ ცეცხლზე. ხშირად ურიეთ, რომ ხორცი არ შეწებდეს. ხორცი რომ მომზადდება, შეკმაზეთ ძლიერად მარილით და პილპილით, დააამატეთ წინასწარ მარილწყალში მოხარშული, დაწურული ბრინჯი. გემო გაუსინჯეთ და ცოტა ხანს კიდევ ჩაშუშეთ ბრინჯთან ერთად. გადმოდგით ცეცხლიდან და აცალეთ გაცივება. მომზადების დროს ხორცი სითხეს გამოყოფს. ეცადეთ სითხე ბოლომდე არ ამოშრეს და ხორცი ნოტიო დარჩეს, თორემ გულსართი მშრალი გამოვა და ბლინჩიკიდან გადმოიფანტება. თუ მაინც გამოგიშრათ, ცოტა ადუღებული წყალი დაამატეთ.
ცომი:
გათქვიფეთ კვერცხი და მარილი აქაფებამდე, ფქვილი და სითხე მონაცვლეობით უმატეთ და კარგად თქვიფეთ. უნდა მიიღოთ თხელი ცომი. ცომი 30 წუთის განმავლობაში მაცივარში გააჩერეთ.
ბლინჩიკები მოამზადეთ სქელძირიან ტაფაში. ტაფა ზომიერად გააცხელეთ, ცხობის დაწყების წინ ქაღალდით წაუსვით ზეთი და დაიწყეთ ცხობა. ცხიმის დამატება აღარ უნდა დასჭირდეს. თუ ტაფამ ცომი მიიკრა, კიდევ წაუსვით ზეთი, ან სხვა ტაფა სინჯეთ.
გახურებულ ტაფაზე დაასხით იმდენი ცომი რომ ტაფის ძირი დაიფაროს. ზედმეტი ცომი უკან გადაღვარეთ ჯამში, ასე წარმოიქმნება ცომის ერთ მხარეზე ჯიბე, სადაც ბლინჩიკის გადახვევისას ხორცს მოათავსებთ. გამომცხვარი ბლინები ერთმანეთზე დააწყვეთ და ცომის დამთავრების შემდებ დაიწყეთ ბლინების გადახვევა.
აიღეთ ერთთი ბლინი, დადეთ თეფშზე გამომცხვარი მხრით ზევით, ჯიბეზე დადეთ დაახლოებით 1 სკ ხორცის გულსართი და გადაახვიეთ ტოლმასავით. ასე გაახვიეთ ყველა ბლინი.
ტაფაზე შეაცხელეთ ზეთი და შეწვით ბლინჩიკები ყველა მხრიდან.
ხორციანი ბლინჩიკები სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.
მორჩენილი შეუწვავი ხორციანი ბლინჩიკები მაცივარში შეინახეთ. ხანგრძლივი შენახვისათვის საყინულეში გაყინეთ ცელოფანის პარკით.
მიირთვით გემრიელად!