აჭარული ხაჭაპური

On 13/10/2013 by letusc

აჭარულ ხაჭაპურს საქრთველოში ყველგან ამზადებენ, მაგრამ მე ის განსაკუთრებით ბათუმში მეგემრიელება. ვფიქრობ იმიტომ, რომ ის ჩემთვის ჩემს საყვარელ ქალაქ, ბათუმთან არის ასოცირებული. სიამოვნებით ვიხსენებ იმ დროს, როცა ბათუმში ბიოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსის პრაქტიკის გავლისას ყოველ დღე მიგვიხაროდა კაფე „ცეროდენაში“ აჭარულ ხაჭაპურებზე. …

აჭარული ხაჭაპური რჩება დღემდე არა მარტო ჩვენი ოჯახის საყვარელი კერძად, არანმედ ის ძალიან პოპულარული გახდა ჩემს გერმანელ მეგობრებს შორისაც, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უკვე იცნობენ საქართველოს და კერძოდ ბათუმს.  სიამოვნებით ვეპატიჟები მათ აჭარულ ხაჭაპურებზე, შემოვუსხდებით ხოლმე მაგიდას, ვიხსენებთ ბათუმს, ვსვავთ ბერლინში ნაყიდ „რქაწითელს“ და შევექცევით ამ გემრიელ კერძს.

ალბათ ისევე, როგორც ხაჭაპურის სხვა სახეების, აჭარული ხაჭაპურის მომზადების სხვადასხვა ვარიანტები არსებობს. მე ვიყენებ ცომს, რომლის მომზადების წესი ხაჭაპურის რეცეპტშია აღწერილი. გამოაცხვეთ და ისიამოვნეთ.

Adjarische Chatschapuri

 

მასალა 6-7 ხაჭაპურისათვის:

  • 1 კგ ფქვილი
  • 3 ჩკ მშრალი საფუარი
  • 4 სკ მცენარეული ზეთი
  • 2 ჩკ მარილი
  • 1 სკ შაქარი
  • 600-700 მლ სითხე (რძე და წყალი შერეული)
  • 1 კგ ყველი
  • 1 კვერცხი
  • 6-7 კვერცხი დამატებით
  • 6-7 ჩკ კარაქი (სურვილით)

მომზადება:

ფქვილი გაცერით საფუართან და მარილთან ერთად დიდ ჯამში, შეურიეთ შაქარიც. შუაში გააკეთეთ ღრმული, ჩაასხით შიგნით 2 სკ ზეთი, ნელ-თბილი რძის და წყლის  ნარევის ნაწილი და დაიწყეთ ფქვილის შერევა. სითხე თანდათანობით ამატეთ და თან ზილეთ. სხვადასხვა სახის ფქვილს განსხვავებული რაოდენობის სითხე სჭირდება. მოზილეთ გლუვი და ელასტიური ცომი. ზელვის პროცესში ხელი პერიოდულად დაისველეთ დარჩენილ ზეთში და ზილეთ, სანამ ზეთი მთლიანად არ შეეზილება ცომს. ბოლოს ზედაპირზე თხლად გადაუსვით ზეთი, გადააფარეთ კულინარული ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას, ვიდრე ცომი მოცულობაში არ გაორმაგდება.

სანამ ცომი აფუვდება, მოამზადეთ გულსართი: ჯამში ხელით დაფშვენით ყველი, შეურიეთ კვერცხი და კარგად აზილეთ.

გაფუებული ცომი გადაზილეთ, მოათავსეთ ფქვილმოყრილ ხის დაფაზე, გაყავით 6-7 ნაწილად, გააკეთეთ გუნდები და ისევ გადააფარეთ ცელოფანი.

ყველიც გაყავით 6-7 ნაწილად.

ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუსზე.

მომზადებული ხაჭაპურები ცოტა ფორმას იცვლის ხოლმე გამოსაცხობ ფურცელზე გადატანისას. ამიტომ უკეთესია, ფურცელზე, რომელზედაც უნდა გამოაცხოთ დაფინეთ პერგამენტის ქაღალდი და იქვე მიეცით ფორმა ხაჭაპურებს.

აიღეთ ერთი გუნდა, გააბრტყელეთ და მიეცით ოვალური ფორმა (იხ. სურათი), ზევიდან გადაანაწილეთ ყველის ერთი ნაწილი, ისე, რომ ცომის კიდეებამდე დარჩეს 2 სმ. კიდეები გადმოკეცეთ ყველზე და ბოლოები შეაწებეთ. შეგიძლიათ ცომს გადაუსვათ 1-2 ჩკ რძეში გახსნილი კვერცხის გული.

Adjarische Chatschapuri

გამოცხობისას ხაჭაპურები გაფუვდება, ამიტომ მათ შორის ადგილი დატოვეთ.

ხაჭაპურები გამოაცხვეთ წინასწარ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ყველი რომ დადნება და ცომი ცოტა შეიბრაწება, საცხობი ფურცელი გამოიღეთ, ჩაახალეთ თითო კვერცხი ყოველ ხაჭაპურში და უკან შეაბრუნეთ.

Adjarische Chatschapuri

მიეცით ზედა ცეცხლი. კვერცხის ცილა რომ ოდნავ შეიკვრება და გათეთრდება, ხაჭაპური მზადაა. კვერცხის გული თოხლო უნდა დარჩეს.

ცხელ-ცხელი ხაჭაპური გადაიტანეთ ოვალურ თეფშზე, კვერცხთან ერთად ჩაამატეთ დაახლოებით ერთი ჩკ კარაქი (სურვილით) და მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან.

მიირთვით გემრიელად! Smile

შენიშვნა: მე ხაჭაპურებს კარაქი არ ჩავამატე, თქვენ თავად გადაწყვითეთ, თუ გესიამოვნებათ.

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *