გარგარის ტარტ ტატენი
ტარტ ტატენი (Tarte Tatin) ფრანგული წარმოშობის ნამცხვარია. ორიგინალური ტარტ ტატენი ვაშლით ცხვება, მაგრამ ვაშლი შეგიძლიათ სხვა სეზონური ხილით შეცვალოთ. ამ არომატული ნამცხვრის მოსამზადებლად ცეცხლგამძლე ტაფაში იწვევენ შაქრის კარამელიზებას, ამატებენ კარაქს, მოაწყობენ დაჭრილ ხილს, ზევიდან აფარებენ ფხვიერი ცომის ფენას და უკვე გამომცხვარ ნამცხვარს გადმოაბრუნებენ.
ამჯერად მე მოვამზადე გარგარის ტარტ ტატენი რედუცირებული კალორიებით მარხულებისა და ვეგანებისათვის ცომის თხელი ფენით. თუ თქვენ მეტი ცომი მოგწონთ, რეცეპტი შესაბამისად შეცვალეთ.
ძალიან გემრიელი და არომატულია, ჩემს სტუმრებს ძალიან მოეწონათ. აუცილებლად სცადეთ და შედეგები გაგვიზიარეთ.
მასალა 26 სმ დიამეტრიანი ფორმისათვის:
ცომი:
- 125 გ ფქვილი
- 70 გ მარგარინი
- 50 გ შაქარი¼
- ¼ ჩკ მარილი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 1-2 სკ წყალი
ხილის ფენა:
- 500-600 გ გარგარი
- 100 გ შაქარი
- ცოტაოდენი დაჭრილი ნუში ან ნიგოზი
მომზადება:
ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, შაქარი, ვანილიანი შაქარი, მარილი და კოვზით მოურიეთ. ჩაამატეთ დაჭრილი ცივი მარგარინი და ხელით ასრისეთ ფქვილთან ქვიშის კონსისტენციის მასის მიღებამდე. შემდეგ დაამატეთ 1 სკ წყალი და მოზილეთ ცომი. თუ ცომი არ იკვრება, კიდევ 1 სკ წყალი დაამატეთ.
სამუშაო ზედაპირზე დაფინეთ კულინარული ცელოფანი, დადეთ ცომის გუნდა, გააბრტყელეთ და მიეცით 29 სმ დიამეტრის წრის ფორმა, დააფარეთ მეორე ცელოფანი და ნახევარი საათით მაცივარში შეინახეთ.
ღუმელი 200 გრადუსზე გააცხელეთ.
გარგარი გარეცხეთ, გაამშრალეთ, შუაში გაჭერით და კურკა გამოაცალეთ.
ცეცხლგამძლე 26 სმ დიამეტრიან ტაფაში ჩაყარეთ შაქარი და დაახლოებით 5 წუთით ღუმელში შედგით შაქრის კარამელიზებამდე.
შაქარი რომ დადნება, ფორმა გამოიღეთ ღუმლიდან, მოაწყვეთ გარგარი კანით ქვევით, მოაფრქვიეთ ნუში, გადააფარეთ გაბრტყელებული ცომი, კიდეები ჩაუკეცეთ და გამოაცხვეთ გახურებულ ღუმელში 25-30 წუთი.
გამომცხვარი ტარტ ტატენი მაშინვე დიდ თეფშზე ფრთხილად გადმოაბრუნეთ (შეიძლება ფორმაში კარამელიზებული წვენი იყოს ჩაგუბებული).
გაცივება აცალეთ და
გემრიელად მიირთვით!
თუ ისეთ ფორმაში აცხობთ, რომელსაც გვერდები ეხსნება, მაშინ ნამცხვარს გამოსაცხობად რომ შედგავთ ღუმელში, ცხრილზე ჯერ კულინარული ქაღალდი დააფარეთ და ზედ დადგით ნამცხვრის ფორმა – ცხობის პროცესში შეიძლება კარამელიზებულმა წვენმა გამოჟონოს.