გარგარის ღვეზელი
არომატული გარგარის ღვეზელი ფხვიერი ცომით ძალიან გემრიელია და ადვილი გამოსაცხობი. აუცილებლად სცადეთ!
მასალა 26 სმ დიამეტრიანი მრგვალი ფორმისათვის:
- 270 გ ფქვილი
- 140 გ კარაქი
- 150 გ შაქარი
- ¼ ჩკ მარილი
- 1-2 სკ რძე
- 1 კვერცხი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 500-600 გ გარგარი
- ცოტაოდენი დაჭრილი ნუში ან ნიგოზი
მომზადება:
ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი და დანით აკეპეთ. მიუმატეთ შაქარი, 1 სკ რძე, მარილი, კვერცხი და ვანილიანი შაქარი და მოზილეთ ცომი. თუ ცომი ძალიან ფხვიერია და არ იკვრება, 1 სკ რძე კიდევ დაამატეთ. ცომი კულინარულ ცელოფანში გაახვიეთ და დაახლოებით ერთი საათი მაცივარში გააცივეთ.
გარგარი გარეცხეთ, გაამშრალეთ, შუაში გაჭერით და კურკა გამოაცალეთ.
26 სმ დიამეტრის ფორმაში ქაღალდი ჩაფინეთ და ძირზე და გვერდებზე ცხიმი წააცხეთ.
ღუმელი 220 გრადუსზე გაახურეთ.
გაცივებული ცომის ნახევარზე მეტი ნაწილი გააბრტყელეთ და მიეცით დაახლოებით 30 სმ დიამეტრის წრის ფორმა, ფრთხილად ჩაფინეთ მომზადებულ ფორმაში, ძირზე და გვერდებზე ხელით მოასწორეთ. ძირი ჩანგლით დაჩხვლიტეთ და მოაწყვეთ გარგარი ჭრილით ქვევით.
მოაფრქვიეთ ნუში ან ნიგოზი. დარჩენილი ცომისაგან გააკეთეთ 26 სმ დიამეტრიანი წრე, ფრთხილად გადააფარეთ გარგარს და ცომის კიდეები შეაწებეთ, ზედაპირი ჩანგლით დაჩხვლიტეთ და 25-30 წუთი გამოაცხვეთ. პირველი 15 წუთის განმავლობაში მიეცით ქვედა ცეცხლი, დანარჩენი დროის განმავლობაში კი-ზედა და ქვედა ცეცხლი.
ზედაპირი ოქროსფერი რომ გახდება, ღვეზელი მზადაა!
გაცივებულ გარგარის ღვეზელს შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.
მიირთვით გემრიელად!
შენიშვნა: ცომში შაქრის შემცველობა შეგიძლიათ თავად ცვალოთ ხილის სიტკბოზე და შაქრიანობაზე დამოკიდებულებით. რეცეპტში მოცემული შაქრის რაოდენობა გათვალისწინებულია ზომიერად ტკბილი გარგარისათვის. თუ ფიქრობთ, რომ ნამცხვარს შაქარი დააკლდა, მეტი შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.