სახელდახელო მაფინები ჟოლოთი
ჰაეროვანი და არომატული მაფინები ჟოლოთი შეგიძლიათ თვალის დახამხამებაში გამოაცხოთ. თუ ჟოლოს სეზონი არ არის გამოიყენეთ გაყინული ხილი. ჟოლოს ნაცვლად შეგიძლიათ სხვა კენკროვანებიც გამოიყენოთ. სცადეთ აუცილებლად!
მასალა 12 მაფინისათვის:
- 100 გ შაქარი
- 100 გ კარაქი
- 2 კვერცხი
- 100 გ ნაღები
- 140 გ ფქვილი (დაახლოებით)
- 35 გ კარტოფილის ფქვილი
- მწიკვი მარილი
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი ან 0,5 ჩკ სოდა ძმრით
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 200 გ ჟოლო (ან სხვა სახის კენკრა)
- 50 გ თეთრი ან მუქი შოკოლადი მოსართავად
მომზადება:
კარაქი ათქვიფეთ შაქართან და მარილთან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე, შეათქვიფეთ თითო-თითო კვერცხი. დაამატეთ ნაღები, დააცერით ფქვილის და გამაფხვიერებლის ნარევი და კოვზით კარგად გაანაწილეთ. შემდეგ დაამატეთ კარტოფილის ფქვილი და ფრთხილი მორევით შეურიეთ მასას. ცომი უნდა იყოს სქელი არაჟნის კონსისტენციის.
მაფინების მეტალის ან სილიკონის ფორმებში ჩაფინეთ პატარა ქაღალდის ფორმები.ცომი გადაანაწილეთ ფორმებში და ხელის მსუბუქი დაწოლით ჩაძირეთ ჟოლოს რამოდენიმე ცოცხალი ან გაყინული ნაყოფი.
მაფინები გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთი. ცხობის ხანგრძლივობა თქვენი ღუმელის თავისებურებებზეა დამოკიდებული.
გამომცხვარი მაფინები ქაღალდიანად ამოიღეთ მეტალის ან სილიკონის ფორმებიდან და ცხრილზე გააცივეთ.
თეთრი ან მუქი შოკოლადი დაადნეთ მიკროტალღოვან ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე და მოასხით გაცივებულ მაფინებს.
მიირთვით გემრიელად!