ხაში

On 22/06/2014 by letusc

Let us cook-ის მკითხველი და მეგობარი ბესო გლოველი გვთავაზობს ხაშის რეცეპტს. ბესო ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ იორკში. იგი გახლავთ ნამდვილი გურმანი და არაჩვეულებრივი ჰობი-მზარეული ძალიან მდიდარი ფანტაზიით.  ეს რეცეპტი სკაიპით გამომიგზავნა. რეცეპტში დაწვრილებით აღწერს მომზადების პროცესს.
ამას წინათ მოვხარშე ხაში, მეგობრებს გავუმასპინძლდი და ამასთანავე რეცეპტი სურათებით „შევაიარაღე“. ისე, მგონი მამაკაცებს უფრო გემრიელი ხაში გამოსდით, ჩვენს ოჯახშიც ყოველთვის მამა ამზადებდა ხაშს. მაგრამ უნდა ხითხრათ, რომ ჩემი მოხარშულიც ძალიან გემრიელი გამოვიდა.

დიდი მადლობა ბესოს რეცეპტისათვის. იმედია კიდევ გაგვიზიარებს გემრიელი კერძების რეცეპტებს.

Chaschi-Rindersuppe

მასალა:

  • 1,5 კგ საქონლის ფეხი (ჩლიქი)
  • 0,5 კგ ფაშვი
  • ნიორი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

ხაშის მოსამზადებლად სასურველია გამოიყენოთ ძროხის ან ხბოს წინა ფეხები. დღეს დღეობით ალბათ ყველა ქვეყანაში იყიდება კარგად გასუფთავებული ფეხები და კუჭი (ფაშვი).
მომზადების წინ ფეხები კარგად გარეცხეთ ცივ წყალში, დაჭერით და ჩაყარეთ ქვაბში. სასურველია ქვაბი ვიწრო და მაღალი იყოს და არა ფართო. დაასხით იმდენი წყალი, რომ ხორცი 20-30 სმ-ით დაიფაროს. დადგით ცეცხლზე და რომ წამოდუღდება, ცეცხლს დაუწიეთ მაქსიმალურად და დაახლოებით 8 საათი ხარშეთ. ხარშვისას მოხადეთ ქაფი და ცხიმი. ხარშვის ხანგრძლივობა ცხოველის ასაკზეა დამოკიდებული.

სურვილისამებრ ცალკე მოხარშეთ ფაშვი.
ფაშვი ცალკე იხარშება იმიტომ, რომ მას აქვს სპეციფიური სუნი.
ფაშვი კარგად გარეცხეთ, დაჭერით, ჩადეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. რომ ადუღდება, ქაფი მოხადეთ და 30 წუთი ადუღეთ. შემდეგ წყალი გამოუცვალეთ და ხარშეთ, ვიდრე სპეციფიური სუნი არ გაუქრება. შემდეგ ამოიღეთ ქვაბიდან, გარეცხეთ და ჩაყარეთ ქვაბში, რომელშიც ჩლიქები იხარშება და ერთად გააგრძელეთ ხარშვა.
ხაში მზადაა, როცა ფაშვი დარბილდება და ხორცი დაიწყებს ძვლებიდან მოშორებას.
მზა ხაშს დაასხით მოხდილი ცხიმი.
ხაში დაასხით ღრმა თიხის ჯამებზე და ცხელი მიიტანეთ სუფრასთან. ხაშის შეკმაზვა ხდება ინდივიდუალურად – თეფშზე, ამიტომ სუფრასთან მიიტანეთ მარილი და ცივ ბულიონში გახსნილი დანაყილი ნიორი, მიატანეთ ლავაში ან გახუხული პური.

მიირთვით გემრიელად! Smile

შენიშვნა: რადგან ჩემი ოჯახის წევრებს ფაშვი არ უყვართ, მხოლოდ ფეხებით მოვამზადე. ასეც ძალიან გემრიელია.

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *