სელის და ჩიას პური
სელის და ჩიას პური საინტერესო იქნება ჯანსაღი კვების მიმდევრებისათვის. პური მომზადებულია მარცვლეულის ფქვილის გარეშე, ასე, რომ აგლუტენური და დაბალნახშირწყლოვანია. ეს პური გამოადგებათ დაბალნახშირწყლოვანი (ე.წ. low carb) დიეტის მიმდევრებსაც.
სელის და ჩიას პური მდიდარია ცილებით, ვიტამინებით და ჯანსაღი ცხიმებით. ჩიას თესლი (Salvia hispanica) მდიდარია ომეგა-3 ცხიმებით, რკინით, კალციუმით, ანტიოქსიდანტებით, მაგნიუმით და სხვა არაორგანული ელემენტებით. მას სუპერ-საკვებსაც (superfood) ეძახიან. ჩიას გამოყენების დროს ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ რეკომედირებულია დღეში მხოლოდ 1-2 სკ მარცვლების მიღება.
სელის თესლი შეიცავს გაუჯერებელ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავას, ასევე B1, B2, B6 ვიტამინებს, ცილებს, ნიკოტინის და ფოლიუმის მჟავას და მრავალ სხვა სასარგებლო ნივთიერებას.
სელის და ჩიას პური ძალიან გემრიელია და ადვილად მზადდება, სცადეთ, მოგეწონებათ.
მასალა:
- 4 კვერცხი
- 400 გ ნატურალური იოგურტი ან მაწონი
- 4 სკ ჩიას დაფქული მარცვლები
- 100 გ სელის დაფქული თესლი
- 6 სკ დაფქული მზესუმზირა, ნიგოზი ან სხვა თხილეული
- 2 ჩკ გამაფხვიერებელი
- 1/4 ჩკ მარილი
მომზადება:
ღუმელი 220 გრადუსზე გაახურეთ.
კვერცხი გათქვიფეთ ჯამში, შეათქვიფეთ იოგურტი.
მშრალი მასალა შეურიეთ ერთმანეთს და დაამატეთ კვერცხის და იოგურტის ნარევს. კარგად ათქვიფეთ. ცომი ამ სტადიაზე არის თხელი ბლანტი მასა. დაასვენეთ 5-10 წუთი. ამ დროის განმავლობაში სელი და ჩია გაჯირჯვდება და ცომიც გასქელდება.
ცომი გადაიტანეთ დაახლოებით 30X40 სმ ზომის საცხობ ქაღალდზე და კოვზის საშუალებით თხლად გადაასწორეთ. ცომი არის წებოვანი მასა, თუ კოვზს დაიკრავს, მაშინ კოვზი პერიოდულად დაასველეთ. ზედაპირზე მოაფრქვიეთ ჩია, სელი და მზესუმზირა.
ცომიანი საცხობი ქაღალდი გადააცურეთ საცხობ ცხრილზე და დაახლოებით 20-25 წუთი აცხვეთ.
თბილივე დაჭერით და დაჭრილი შეინახეთ.
სელის და ჩიას პურს ძალიან უხდება ავოკადო, ჰუმუსი, მურაბები, ყველი და ბევრი სხვა რამ.
მიირთვით საუზმეზე გემრიელად!