სრულმარცვლოვანი ვაფლი მარწყვით
ვაფლი შეგიძლიათ სხვადასხვა სახეობის ფქვილით მოამზადოთ და თქვენი საყვარელი ხილთან, მურაბასთან, ჯემთან ან განსხვავებულ სიროფებთან ერთად მიირთვათ.
რადგან სრულმარცვლოვანი ფქვილისაგან მომზადებული პროდუქტები ძალიან სასარგებლოა ვიტამინების მთელი ნაკრების, არაორგანული ელემენტების და რკინის გამო და ამასთან ძალიან გემრიელიც, ამიტომ ვცდილობ, თეთრი ფქვილის ნაცვლად, უმეტესად, სრულმარცვლოვანი გამოვიყენო. ეს უგემრიელესი ვაფლებიც იფქლის სრულმარცვლოვანი ფქვილით მოვამზადე. თქვენც სცადეთ, ძალიან მოგეწონებათ. სრულმარცვლოვანი ფქვილი შეგიძლიათ თეთრითაც ჩაანაცვლოთ.
მასალა:
- 4 კვერცხი
- 100 გ შაქარი
- 50 გ კარაქი
- 100 გ დაფქული ნუში
- 220 გ (დაახლოებით) იფქლის სრულმარცვლოვანი ფქვილი ან ხორბლის თეთრი ფქვილი
- 1,5 ჩკ გამაფხვიერებელი
- 200 მლ რძე
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- მწიკვი მარილი
- შაქრის პუდრი
- მარწყვი ან სხვა ხილი
- ნუტელა
მომზადება:
ფქვილი, ნუში, ვანილიანი შაქარი და მარილი შეურიეთ ერთმანეთს.
კვერცხი გათქვიფეთ შაქართან ერთად აქაფებამდე, დაამატეთ დარბილებული კარაქი და გააგრძელეთ თქვეფა. შემდეგ მონაცვლეობით ჩაამატეთ რძე და ფქვილის ნარევი და ურიეთ ერთგვაროვანი, არაჟნის სისქის მასის მიღებამდე.
ზომიერად გააცხელეთ ვაფლის ავტომატი. ზოგიერთ ავტომატს ზედაპირზე სჭირდება ცხიმის წაცხება, რომ ვაფლი არ მიიკრას. ეს თავად გადაწყვიტეთ. გაცხელებულ ავტომატზე დაასხით დაახლოებით 2 სკ ცომი და გამოაცხვეთ სასურველ კონსისტენციამდე.
ავტომატი ფრთხილად გახსენით, გამოდის ცხელი ორთქლი და ამის გამო არსებობს ხელის დაწვის საშიშროება.
გამომცხვარი ვაფლები მორთეთ შაქრის პუდრით, მარწყვით და ნუტელათი.
გემრიელად მიირთვით!