ლეღვის, შვრიის და ყავის ნამცხვარი
შვრიისაგან მომზადებული ნამცხვრები ჩემი ოჯახის საყვარელ ნამცხვრებად გადაიქცა. შვრია სასარგებლო მარცვლოვანია და მდიდარია მინერალური ელემენტებით და ვიტამინებით. მისგან მრავალი გემრიელი საკვების მომზადება შეიძლება.
ჩემი შვილებიც ხშირად ამზადებენ სხვადასხვა სახის გემრიელობებს შვრიით. შემოგთავაზებთ უგემრიელეს ლეღვის, შვრიის და ყავის ნამცხვარს, რომელიც გვანცამ მოამზადა.
ნამცხვარი ადვილი მოსამზადებელია და ჩქარა ცხვება. ძაააააალიან მოუხდა ლეღვი. ზამთრის თვეებში ლეღვი შეგიძლიათ ლეღვის ჩირითაც შეცვალოთ.
მასალა:
- 75 გ სიმინდის სახამებელი
- 150 გ შვრიის დაფქული ფანტელი (სურვილით აგლუტენური)
- 3 შეკვრა ვანილიანი პუდინგი (თითოეული 37 გ)
- 100 გ კარაქი
- 210 გ შაქარი
- 3 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 4 კვერცხი
- 2 სკ ხსნადი ყავა 1 სკ კონიაკით
- 200 გ ნაღები
- ¼ ჩკ მარილი
- 1 ჩკ სოდა ძმრით
- 60 გ მუქი შოკოლადი, დამტვრეული
- 4 სავსე ჩკ კაკაო
- 6-7 ცალი (ან მეტი) საშუალო ზომის ლეღვი
- ცოტაოდენი შაქრის პუდრი დეკორაციისათვის
მომზადება:
20 სმX30 სმ ფორმაში ქაღალდი ჩაფინეთ.
ღუმელი 180 გრადუსზე დაახურეთ.
ლეღვი გაფცქვენით და დაჭერით.
შვრია, კაკაო, პუდინგის ფხვნილი და სიმინდის სახამებელი შეურიეთ ერთმანეთს.
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან, მარილთან და ვანილიან შაქართან ერთად გათეთრებამდე. დაამატეთ დარბილებული კარაქი, და ყავა და ნაღები. შემდეგ დაამატეთ სახამებლის და შვრიის ნარევი და აურიეთ კვერცხის ნარევს. ბოლოს შეურიეთ სოდაც და შემდეგ – დატეხილი შოკოლადი. ცომი გადაიტანეთ ფორმაში, გადაასწორეთ და ზედაპირზე ლეღვი მოაწყვეთ, ნაყოფები ცხობისას თავად ჩაიძირება. აცხვეთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. ეცადეთ ძალიან არ გამოაშროთ.
გამომცხვარი ლეღვის, შვრიის და ყავის ნამცხვარი ცხრილზე გააცივეთ და ზევიდან შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.
გემრიელად მიირთვით!