სადღესასწაულო ტორტი
გთავაზობთ უგემრიელეს ტორტს არაჩვეულებრივი კრემით, რომელსაც ყავა და ალკოჰოლი განუმეორებელ არომატს ანიჭებს. აუცილებლად მოამზადეთ, ძალიან მოგეწონებათ. საკმაოდ ხშირად მიწევს მისი მომზადება, რადგან ოჯახის წევრებს და მეგობრებს იმდენად უყვართ, რომ ხშირად მიკვეთავენ.
რადგან ახალი წლის თემა ჯერ კიდევ აქტუალურია, ამიტომ, ამჯერად ტორტი კრემის “ძაფებით მოქარგული” ნაძვის ხით გავაფორმე, თქვენ შეგიძლიათ თვითონ მოიფიქროთ დეკორაცია.
მასალა:
ცომი:
- 5 კვერცხი
- 150 გ შაქარი
- 40 გ კაკაო
- 120გ ქფვილი
- 50 გ კარტოფილის ფქვილი
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი
- 1 სეკვრა ვანილიანი შაქარი
- 100 მლ წყალი
- 1 მწიკვი მარილი
- 1 ჩკ სოდა
- 1 ჩკ ღვინის ძმარი
კრემი:
- 4 კვერცხის გული
- 230 გ შაქარი
- 150 გ ფქვილი
- 250 მლ ცივი რძე
- 750 მლ ცხელი რძე
- 200 გ ოთახის ტემპერატურის კარაქი
- 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 1 სკ ხსნადი ყავა
- 1 სკ კონიაკი
მომზადება:
ბისკვიტი:
ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ.
24 სმ დიამეტრის მრგვალ ყალიბში ქაღალდი ჩაფინეთ.
კვერცხის გულები გათქვიფეთ ნახევარ შაქართან და ვანილიან შაქართან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე. გარეცხეთ და გაამშრალეთ მიქსერის ფრთები და ათქვიფეთ კვერცხის ცილები ღრუბლისებურად, დაამატეთ დარჩენილი შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა. შემდეგ გათქვეფილი ცილა ფრთხილად შეურიეთ გულების მასას. გამაფხვიერებელი, კარტოფილის ფქვილი, მარილი, კაკაო შეურიეთ ფქვილს, დააცერით გათქვეფილ მასას და ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ცომს დაასხით წყალი და ამოურიეთ. ბოლოს დაამატეთ სოდა ძმრით და კოვზის მორევით კარგად გადაანაწილეთ. ცომი ჩაასხით ყალიბში და შედგით ღუმელში 30-40 წუთით.
მზადყოფნა ხის ჩხირით შეამოწმეთ. ბისკვიტი 10 წუთი დატოვეთ ყალიბში, შემდეგ გვერდები და ძირი მოხსენით და აცალეთ მთლიანად გაცივება. უკეთესია, თუ გამომცხარი ბისკვიტი ღამეს გამოივლის და შემდეგ დღეს გამოიყენებთ.
კრემი:
რძე აადუღეთ.
კვერცხის გულები გათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ ფქვილი და ცივი რძე ნაწილ-ნაწილ და მორიგეობით და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ნელ-ნელა დაასხით მდუღარე რძე და განუწყვეტლივ ურიეთ. დადგით ნელ ცეცხლზე და მუდმივი რევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ბუშტების გამოჩენისთანავე კრემი მზად არის. კრემს ზედაპირზე მჭიდროდ გადააკარით კულინარული ცელოფანი, რომ აპკი არ გიკეთოს. აცალეთ გაცივება. გაცივებული, ოთახის ტემპერეტურის კრემი გათქვიფეთ კარგად მიქსერით. ცალკე გათქვიფეთ ასევე ოთახის ტემპერატურის კარაქი გათეთრებამდე, დაამატეთ გათქვეფილი კრემი, ვანილიანი შაქარი, ხსნადი ყავა გახსენით კონიაკში, მიუმატეთ კრემს და ყველაფერი ერთად კარგად ათქვიფეთ. კრემი და კარაქი აუცილებლად ოთახის ტემპერეტურის უნდა იყოს, რომ კარგად შეეთქვიფოს ერთმანეთს და ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
ტორტის მორთვა:
გაჭერით ბისკვიტი ჰორიზონტალურად ორ ან სამ ფენად და ფენები კრემით შეაერთეთ. გვერდები და ზედაპირიც კრემით დაფარეთ.
თუ ტორტის მორთვას ფორმებით აპირებთ, ჩადეთ კრემი მოსართავ შპრიცში, ცოტა ხანს მაცივარში გააჩერეთ და მორთეთ სურვილისამებრ. მორთული ტორტი რამოდენიმე საათი მაცივარში დაასვენეთ.
მიირთვით გემრიელად!