ტოლმა ხორცით და ქინოათი
მეგობრებო, ვაგრძელებ ქართული სამზარეულოს გაჯანსაღების ექსპერიმენტებს.
ამჯერად შემოგთავაზებთ ტოლმას ხორცით და ქინოათი. ეს კერძი იმით განსხვავდება ტრადიციული ტოლმისაგან, რომ ბრინჯი ჩანაცვლებულია ქინოათი. ქინოა ეგრეთ წოდებული “ცრუ მარცვლოვანია”, რომელსაც სუპერ საკვებს ეძახიან მისი მაღალი კვებითი ღირებულების გამო. იგი მდიდარია ცილებით (ამინომჟავებით), მაგნიუმით, რკინით, B1 ვიტამინით. ამინომჟავებიდან შეიცავს ყველა ესენციურ ამინომჟავას, მათ შორის ლიზინს. ცხიმოვან მჟავებს შორის 50% გაუჯერებელია. თუ ქინოას საკვებ ღირებულებას ბრინჯისას შევადრით, მინერალების, ცილის და გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავების შემცველობით, ქინოა ბევრით უსწრებს ბრინჯს. ამასთან ერთად ქინოამ ტოლმას ძალიან სასიამოვნო არომატი მისცა.
შეცვალეთ ბრინჯი ქინოათი, მოამზადეთ ჯანსაღი ტოლმა და შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ.
მასალა:
- 1 კგ შერეული ფარში (ღორი და ძროხა)
- 100 გ ქინოა
- 1 თავი ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- ახლად დაფქული წიწაკა, მარილი, გემოვნებით
- პატარა კონა ქინძი
- ერთი საშუალო ზომის თეთრი (ან წითელი) კომბოსტო
- 400 გ დაჭრილი პამიდორი (ცოცხალი, ან დაკონსერვებული)
- თითო ულუფაზე 1 სკ ქოქოსის რძე
მომზადება:
ქინოა გარეცხეთ საწურზე გამდინარე წყლის ქვეშ, გადაავლეთ ცხელი წყალი.
ფარშში შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, გაჭყლეტილი ნიორი, მარილი, ქინძი, წიწაკა, გარეცხილი ქინოა და ხელით კარგად აურიეთ.
მოზრდილ ქვაბში წყალი აადუღეთ და დაამარილეთ. კომბოსტოს ფოთლები დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გათუთქეთ. თითოეულ ფოთოლს სქელი ძარღვები დანით აათალეთ, ზედ დაადეთ დაახლოებით 1 სკ (ან მეტი) ხორცი და შეახვიეთ.
მომზადებული ტოლმები ჩააწყვეთ ქვაბში. მოასხით პამიდორი. კომბოსტოს ნახარში შეკმაზეთ მარილით (თუ აკლია) და წიწაკით, დაასხით ტოლმებს, ისე, რომ ფარავდეს, დააფარეთ გადმობრუნებული ღრმა თეფში, და დადგით მოსახარშად. რომ ადუღდება, ნელ ცეცხლზე გააგრძელეთ ხარშვა. დაახლოებით 45 წუთში ტოლმა მზადაა.
ტოლმა სუფრასთან ცხელი მიიტანეთ. თეფშზე მოასხით ცოტაოდენი ქოქოსის რძე.
გემრიელად მიირთვით!
P.S. თუ კომბოსტოს ნახარში მოგრჩათ, ნუ გადაღვრით, ხარშვისას ქინოა სითხეს იკავშირებს და ჯირჯვდება, ამის გამო მოსალოდნელია, რომ ტოლმას ხარშვაში წვენი დაუცოტავდება. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მორჩენილი კომბოსტოს ნახარში დაამატოთ.