შებრაწული კალმახი ხახვით
შებრაწული კალმახი ხახვით გახლავთ ძალიან არომატული, დაბალკალორიული და სასარგებლო კერძი. გემრიელია კარტოფილის ან ბოსტნეულის კერძებთან ერთად. კერძი დასაშვებია აგლუტენური, ულაქტოზო და დაბალნახშირწყლოვანი კვების მიმდევრებისათვის. მარტივი მოსამზადებელია.
მასალა 2 ულუფისათვის:
- 2 კალმახი, თითოეული 250-300 გ
- 3-4 ხახვი
- 6 დიდი ტოტი როზმარინი
- 8 კბილი ნიორი
- 1 დიდი ლიმონი
- 1 წითელი ბულგარული წიწაკა (სურვილით)
- მარილი, პილპილი
მომზადება:
ხახვი და ლიმონი დაჭერით რგოლებად, ხოლო ბულგარული წიწაკა – ზოლებად.
კალმახი გაასუფთავეთ, კარგად გარეცხეთ შიგნიდან და გარედან და შეაშრეთ. მოაფრქვიეთ უხვად მარილი და პილპილი მუცლის შიდა ზედაპირზე. თითოეულ კალმახს მუცელი ამოუვსეთ: 2 ნაჭერი ლიმონით, 2 ტოტი როზმარინით, 2 კბილი ნივრით, ხახვის ორი (ან მეტი) რგოლით და წიწაკის ორი ზოლით.
ცეცხლგამძლე ფორმის ძირზე მოაწყვეთ ხახვის და ლიმონის რგოლების ნაწილი და ნივრის კბილები. დააწყვეთ ზევიდან მომზადებული კალმახები. ზევიდან მოაწყვეთ მორჩენილი ხახვი, როზმარინი, ნიორი და წიწაკა.
ფორმა შედგით წინასწარ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით.
შემწვარი კალმახები სათითაოდ ფრთხილად გადაიტანეთ ოვალურ თეფშებზე, ზევიდან მოაწყვეთ ფორმის ძირზე შემწვარი ხახვი.
მიირთვით გემრიელად!
შენიშვნა: ღუმელში შესაწვავ პარკში შემწვარი კალმახი განსაკუთრებით გემრიელი გამოდის. ღუმელში შედგმამდე პარკს ზედაპირზე ჭრილი გაუკეთეთ. 15 წუთის შემდეგ ფორმა გამოიღეთ, პარკი ბოლოებისაკენ გაჭერით, გადახსენით და ღუმელში შეაბრუნეთ, რომ სითხე ამოშრეს და თევზი შეიბრაწოს.