გურული საშობაო ღვეზელი
ჩვენი ერთგული მკითხველი და მეგობარი ნინო გვარაძე გვთავაზობს გურული საშობაო ღვეზელის რეცეპტს. როგორც ალბათ იცით, საშობაო ღვეზელს ამზადებენ როგორც საფუარიანი, ასევე მაწვნიანი ცომით. ნინო იყენებს მაწვნიან ცომს და სურათებით დაწვრილებით აღწერს მომზადების პროცესს. მისი ღვეზელები ძალიან გემრიელად გამოიყურება.
უღრმესი მადლობა ნინოს, ასეთი გემრიელი და დაწვრილებითი რეცეპტისათვის.
მასალა:
- 4 კვერცხი
- 500 გ მაწონი ან ნატურალური იოგურტი
- 20 გ კარაქი (დაახლოებით)
- 350-400 გ ნებისმიერი უმარილო ყველი
- 500 გ ფქვილი (დაახლოებით)
- მწიკვი მარილი
- 3/4 სკ სოდა
- ზეთი ცომის მოსაზელად
- 100 მლ რძე
- 1 სკ ზეთი 1 ჩკ ფქვილით
მომზადება:
შიგთავსი:
წინასწარ მაგრად მოხარშეთ 2 კვერცხი, გააცივეთ და სიგრძივად შუაზე გაჭერით.
ყველი ხელით დაფხვენით, დაუმატეთ კარაქი, ერთი უმი კვერხი და მიღებული მასა გაყავით 4 ნაწილად.
ცომი:
მაწონში გახსენით სოდა, დაუმატეთ ერთი კვერცხი, მარილი და ფქვილი. ცომი ინდა იყოს რბილი და ელასტიური, დაისველეთ ზეთში ხელები და გადაზილეთ ცომი კიდევ 5 წუთის განმავლობაში. ცომი მზადაა თუ ხელზე აღარ გეკვრით. გაყავით 4 თანაბარ ნაწილად.
აიღეთ ცომის ერთი ნაწილი, გააბრტყელეთ, ერთ ნახევარზე დადეთ ყველიანი მასა და ნახევარი მოხარშული კვერცხი, გადააფარეთ ცომის მეორე ნახევარი რომ ღვეზელს ჰქონდეს ნახევარმთვარისებური ფორმა. გადაიტანეთ ფქვილმოყრილ საცხობ ფორმაზე და ჩანგლით დაჩხვლიტეთ. ასევე მოამზადეთ ღვეზელები დარჩენილი ცომით და ყველით.
ცალკე მოამზადეთ: 1 ს/კ ზეთში გახსენით 1 ჩ/კ ფქვილი და ეს მასა შეურიეთ რძეს. ეს მასა ღვეზელებს გადაუსვით კულინარიული ფუნჯით.
ღვეზელები შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 160 გრადუსზე, ღია ოქროსფერს რომ მიიღებს ღვეზელი მზად არის.
გემრიელად მიირთვით!