ფარშის რულეტი ფენოვან ცომში
მასალა:
- 250 გ ფარში (შერეული გატარებული ხორცი),
- 1 საშუალო ზომის ხახვი,
- 50 გ მრგვალმარცვალა ბრინჯი,
- 100 გ ყველი (სულგუნი, ან სხვა),
- პილპილი, მარილი გემოვნებით,
- ზეთი ხორცის ჩასაშუშად,
- 1 შეკვრა ფენოვანი ცომი (დაახლოებით 275 გრამიანი),
- 1 კვერცხის გული,
- 1 ჩკ რძე
მომზადება:
ღრმა ტაფაში მოვხრაკოთ წვრილად დჭრილი ხახვი ზეთში. ჩავამატოთ გატარებული ხორცი, კოვზით კარგად დავანაწილოთ, ვაცალოთ ჩაშუშვა, ხშირად ვურიოთ, რომ ხორცი არ შეწებდეს. ხორცი რომ მომზადდება, შევკმაზოთ ძლიერად მარილით და პილპილით, დავამატოთ წინასწარ მარილწყალში მოხარშული, დაწურული ბრინჯი სასურველი პროპორციით, ხელახლა შევკმაზოთ და ცოტა ხანს კიდევ ჩავშუშოთ ბრინჯთან ერთად. ვაცალოთ გაცივება. გაცივებულს შევურიოთ გატარებული, ან დაფშვნილი ყველი.
ფენოვანი ცომი გავშალოთ ფიცარზე, ზედ გადავანაწილოთ ხორცის ნარევი, ფენოვანი ცომის ქაღალდის დახმარებით გადავახვიოთ, მივცეთ რულეტის ფორმა, ბოლოებში და კიდეზე ცომი კარგად შევაწებოთ, დავდოთ ქაღალდდაფენილ გამოსაცხობ ფორმაზე, კიდე მოვაქციოთ ქვევით, დანით ჩავჩხვლიტოთ რამოდენიმე ადგილას, გადავუსვათ რძეში გათქვეფილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ წინასწარ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მიირთვით ცხლად.
გარნირად მიატანეთ მწვანე სალათი. მაგალითად ეს სალათი, ოღონდ მომზადებული ხორცის გარეშე.
მიირთვით გემრიელად!