ქათმის და ძირხვენა-ბოსტნეულის წვნიანი
მეგობრებო წარმოგიდგენთ ძალიან გემრიელ წვნიანს ქათმის მკერდით და ძირხვენა-ბოსტნეულით. ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა თალგამი. ეს არის ძირხვენა-ბოსტნეული, რომელიც მდიდარია B1, B2, A ვიტამინის პროვიტამინით, შეიცავს ნახშირწყლება, ცილებს, ცხიმს, მინერალურ ზეთებს და არაორგანულ ელემენტებს. უხდება სხვადასხვა კერძებს და მოხერხებულად კომბინირებადია სხვა ბოსტნეულთან და ხორცეულთან. ძირხვენა-ბოსტნეული, როგორც იცით, ძირხვენაში იმარაგებს ვიტამინებსა და საკვებ ნივთიერებებს, ამიტომაც განსაკუთრებით სასარგებლოა.
უკვე გაგაცანით ჭარხლის და თალგამის კრემსუპი. ახლა სინჯეთ ეს გემრიელი წვნიანიც. ბოსტნეულის პროპორცია შეგიძლიათ თავად ცვალოთ თქვენი გემოვნებით.
კერძი აგლუტენური და ულაქტოზოა.
მასალა:
- 1 კგ ქათმის მკერდი
- 3 თავი ხახვი
- 4 კბილი ნიორი
- 500 გ თალგამი
- 4-5 სტაფილო
- 4-5 კარტოფილი
- 1 ყაბაყი
- დაღერღილი წიწაკა, მარილი, ქინძი, ოხრახუში, კურკუმა
- ზეთი (მაგ. რაფსის)
მომზადება:
ნიორი დაჭერით წვრილად, ხახვი-მსხვილ ზოლებად და მოზრდილ ქვაბში ზეთთან ერთად ნელ ცეცხლზე მოშუშეთ. დაამატეთ პატარა კუბებად დაჭრილი ხორცი და ერთად ჩაშუშეთ 5-10 წუთის განმავლობაში. ხშირად ურიეთ.
ამის შემდეგ დაამატეთ პატარა კუბებად დაჭრილი სტაფილო, თალგამურა, ყაბაყი და კარტოფილი. სახურავი დაახურეთ და გააგრძელეთ შუშვა. ხშირად ურიეთ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დაასხით ადუღებული წყალი იმდენი, რომ ხორცი და ბოსტნეული დაიფაროს და ნელ ცეცხლზე ხარშეთ, ვიდრე ბოსტნეული არ დარბილდება.
ქათმის და ძირხვენა-ბოსტნეულის წვნიანი შეკმაზეთ მარილით, წიწაკით, კურკუმათი და მწვანილით და სუფრასთან ცხელ-ცხელი მიიტანეთ ღრმა თეფშებით.
გემრიელად მიირთვით!