ყველის და მარწყვის ტორტი
არომატული ყველის და მარწყვის ტორტი, იგივე Cheesecake, კრემ-ყველით მზადდება. ძირისათვის გამოვიყენე სრულმარცვლოვანი ფქვილის ხრამუნები, რომელიც ძალიან მოუხდა. აუცილებლად სინჯეთ!
მასალა ძირისათვის:
- 200 გ ხრამუნები (“პეჩენია”), გემრიელია სრულმარცვლოვანი ფქვილის
- 2 კვერცხი
- 100 გ კარაქი
მასალა ყველის მასისათვის:
- 500 გ კრემ-ყველი
- 120 გ შაქარი
- 4 კვერცხი
- 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 40 გ ფქვილი
- 500 გ მარწყვი (დაახლოებით)
მომზადება:
ხრამუნები დაფხვენით „ბლენდერში“ ან ცომის საბრტყელებლით.
შეურიეთ კვერცხი და დარბილებული კარაქი, კარგად მოზილეთ, თანაბრად გაანაწილეთ მრგვალი ფორმის ძირზე, ფორმის გვერდებზეც 4-5 სმ სიმაღლეზე „ამოაშენეთ“ და ძირი ჩანგლით დაუჩხვლიტეთ. უკეთესია, იხმაროთ ყალიბი, რომელსაც გვერდები ეხსნება.
შემდეგ მოამზადეთ ყველის მასა: კრემ-ყველი ათქვიფეთ შაქართან და ვანილიან შაქართან ერთად, შეათქვიფეთ თითო-თითო კვერცხი და კიდევ კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დააცერით ფქვილი და კარგად შეურიეთ.
ყველის მასას შეურიეთ დაჭრილი მარწყვი და ჩაასხით მომზადებულ ხრამუნების ძირიან ყალიბში და შედგით წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ერთი საათის შემდეგ ცეცხლი გამორთეთ და ასე დატოვეთ ნახევარი საათი. შემდეგ გამოიღეთ ღუმლიდან, ყალიბის გვერდები მოხსენით და აცალეთ გაცივება. რამოდენიმე საათით შედგით მაცივარში.
ტორტი მორთეთ ცოცხალი მარწყვით და/ან მარწყვის მუსით, რომელსაც შემდეგნაირად მოამზადებთ: დაჭრილი მარწყვი და შაქარი გემოვნებით „ბლენდერში“ ათქვიფეთ და გამოიყენეთ. მარწყვის მუსის მასალა ჩამონათვალში არ შედის.
მიირთვით გემრიელად!