ინდაური სოკოს და ბრინჯის შიგთავსით
ინდაური სოკოს და ბრინჯის შიგთავსით ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას! არის ძალიან გემრიელი და ნაკლებ ცხიმიანი (შეწვის მეთოდის გამო) კერძი. ინდაური იწვება ღუმელის ცხრილზე დადებული, დაბალ ცეცხლზე. შეწვისას კანის ცხიმი დნება და ქვევით მოთავსებულ წყლიან ყალიბში გროვდება. ასე მოამზადებთ კალორიებისაგან ბევრად დამსუბუქებულ, გემრიელად დაბრაწულ ინდაურს არომატული შიგთავსით. მერწმუნეთ, თქვენც და თქვენი სტუმრებიც კმაყოფილი დარჩებით .
ეს კერძი შეგიძლიათ, რა საკვირველია, ქათმითაც მოამზადოთ.
დაგჭირდებათ:
- 1 ახალგაზრდა ინდაური (5 კგ)
- 500 გ ქამა სოკო
- 300 გ გრძელმარცვალა ბრინჯი
- 1 კგ ბროკოლი
- მწვანე სალათის ფოთლები
მომზადება:
სოკოს და ბრინჯის შიგთავსის რეცეპტს აქ იპოვით.
ინდაური შიგნიდან და გარედან გარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ, შიგნიდან დაამარილეთ და პილპილი მოაფრქვიეთ.
ინდაური სატენით ამოავსეთ, გაკერეთ, კანზე გარედან მარილი და პილპილი მოაფრქვიეთ და ზეთწასმულ ცხრილზე მკერდით ქვევით მოათავსეთ.
აქვე ერთი შენიშვნა: ბრინჯი მართალია, წინასწარ მოხარშულია, მაგრამ ფრინველის შეწვის დროს კიდევ მეტად ფუვდება. ამიტომ, ეცადეთ უზომოდ ბევრი შიგთავსი არ ჩაუდოთ ინდაურს მუცლის ღრუში, თორემ შეიძლება ძაფები გაიხსნას. მორჩენილი შიგთავსი ტაფაზე გაცხელებული ინდაურთან ერთად მიიტანეთ სუფრასთან.
ღუმელი წინასწარ 160 გრადუსამდე გაახურეთ. საცხობ ფორმაში ჩაასხით წყალი და შედგით გახურებულ ღუმელში ქვევიდან მეორე საფეხურზე. ერთი საფეხურით ზევით შეაცურეთ ცხრილი ინდაურით. შეწვის პროცესში აორთქლებული წყალი ინდაურს დაიცავს გამოშრობისაგან. ამავე დროს, შეწვის დროს გამოყოფილი ცხიმი ქვევით ჩადის, ინდაური ყველა მხრიდან თანაბრად იბრაწება და “მსუბუქდება” კალორიებისაგან.
შეწვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ღუმელის თავისებურებებზე. 5 კილოგრამიანი ახალგაზრდა ინდაურისათვის 160-170 გრადუსზე დაახლოებით 3,5 საათი დაგჭირდებათ. ნახევარი დროის გასვლის შემდეგ ფრინველი ფრთხილად გადააბრუნეთ.
ბროკოლი ყვავილებად დაანაწილეთ, გარეცხეთ და მარილწყალში დაახლოებით 6 წუთი ხარშეთ. გადაწურეთ, ჩაყარეთ ყინულიან წყალში, რომ ბროკოლიმ მწვანე ფერი შეინარჩუნოს და დაწურეთ საწურზე.
შემწვარი ინდაური გადაიტანეთ ლანგარზე, მოაჭერით კანის ძაფიანი ნაწილები, შემოუწყვეთ ბროკოლის ყვავილები, მწვანე სალათის ფოთლები და ცხლად მიიტანეთ სუფრასთან.
დაჭერით სუფრაზევე სტუმრების სურვილის გათვალისწინებით.
თითო ულუფას გვერდით მიუდეთ ერთი კოვზი ბრინჯის და სოკოს სატენი და ბროკოლის ყვავილი.
მიირთვით გემრიელად!
Hervorragend!