ტორტი მოკა
ძვირფასო მეგობრებო, let us cook ერთი წლის გახდა! მინდა მადლობა მოგიხადოთ მხარდაჭერისა და ერთგულებისათვის!
let us cook-ის დაბადების დღისათვის გამოვაცხვე ძალიან გემრიელი ტორტი მოკა ყავიანი და კაკოიანი კრემით და მეგობრებს გავუმასპინძლდი.
ყავა მოკას ეძახიან ყავის სახეობას, რომელიც სპეციალური ჯიშის ყავით მზადდება. დღესდღეობით ევროპის ქვეყნებში ამ სასმელს ყავის ორიგინალური ჯიშით აღარ ამზადებენ, მოკათი მოიხსენიებენ ყავას, რომელიც კაკაოს დამატებით მზადდება.
ამ სადღესასწაულო ტორტს მოკა დავარქვი, რადგან კრემში ყავასთან ერთად კაკაოც შევურიე, რამაც არაჩვეულებრივი არომატი შექმნა. მოამზადეთ და აზრი გაგვიზიარეთ.
მასალა 26 სმ დიამეტრის ფორმისათვის:
ბისკვიტი:
- 6 კვერცხი,
- 150 გ შაქარი
- 110 გ ფქვილი
- 20 გ სახამებელი (მაგ. სიმინდის)
- 2 სკ კაკაო
- დანის წვერზე მარილი
კრემი:
- 5-6 კვერცხის გული (ზომის მიხედვით)
- 230 გ შაქარი
- 100 გ ფქვილი
- 50 გ სახამებელი (მაგ. სიმინდის)
- 250 მლ ოთახის ტემპერარურის რძე
- 750 მლ ცხელი რძე
- 1 ჩკ ხსნადი ყავა
- 1 სკ კონიაკი
- 2 სკ კაკაო
- 150 გ კარაქი
- 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
მომზადება:
ბისკვიტი:
ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ.
ტორტის ყალიბს, რომელსაც კედლები ეხსნება, ჩაუფინეთ ქაღალდი.
გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გულები. ეცადეთ ცილას გულის ნაწილები არ შეერიოს.
ცილა ათქვიფეთ თოვლისებრი მასის მიღებამდე. ჩაამატეთ შაქარი პატარა ულუფებად და თან თქვიფეთ განუწყვეტლივ. ცილა რომ გამკვრივდება დაამატეთ თითო-თითო გული და თან თქვიფეთ. ერთად გაცერით ფქვილი, სახამებელი, მარილი და კაკაო, ჩაყარეთ კვერცხის მასაში და მიქსერის მინიმალურ სიჩქარეზე შეურიეთ მშრალი და სველი ნაწილები. ფქვილის შერევისას შეგიძლიათ მიქსერის ნაცვლად კოვზი იხმაროთ.
ცომი ჩაასხით მომზადებულ ფორმაში და 30-40 წუთი გამოაცხვეთ. ღუმლიდან რომ გამოიღებთ, ხუთი წუთი ფორმაში დატოვეთ, შემდეგ კედლები მოხსენით, ძირიდანაც ქაღალდი მოაშორეთ და ცხრილზე გააცივეთ რამოდენიმე საათით. თუ ბისკვიტი ფორმის კედლებს მიეწება, ბასრი დანის ჩაცურებით მოაშორეთ კედლებს და მერე შემოხსენით.
ბისკვიტი რომ გაცივდება, ბასრი, გრძელი დანით ან ძაფის გაჭიმვით გაჭერით ორ ან სამ ჰორიზონტალურ ფენად.
სურვილით შეგიძლიათ ცოტაოდენი გაცივებული ყავის ხსნარით დანამოთ. ფენები შეაერთეთ კრემით, გვერდებზე და ზედა ფენაზეც წაუსვით კრემი და მორთეთ გემოვნებით.
ჩემი ტორტის მოსართავად თეთრ მარციპანს შევურიე ცოტაოდენი საკვები საღებავი და მივეცი ვარდების ფორმა.
კრემი:
კრემის მოხარშვის წესი იხილეთ სადღესასწაულო ტორტის რეცეპტში.
მოხარშულ კრემს ცხელსვე შეურიეთ კარაქი და ვანილიანი შაქარი და კარგად გახსენით კრემში. შემდეგ ზედაპირზე გადააფარეთ კულინარული ცელოფანი ისე, რომ ცელოფანი კრემის ზედაპირს მჭიდროდ ეხებოდეს და აცალეთ მთლიანად გაცივება.
გაცივებული კრემი ათქვიფეთ, შეურიეთ გაცრილი კაკაო, კონიაკში გახსნილი ყავა და კიდევ ათქვიფეთ მიქსერით.
ტორტის მოსართავად კრემი ჩადეთ შპრიცში ან კულინარულ ტომარაში და მორთეთ ტორტი.
ტორტი მოკა სუფრასთან მიტანამდე რამოდენიმე საათით მაცივარში დაასვენეთ, ასე კრემი გაუჯდება და გემრიელი იქნება.
მიირთვით გემრიელად!