ვაშლატამას ღვეზელი
ჰაეროვანი და არომატული ვაშლატამას ღვეზელი ნინო გვარაძისაგან. მადლობა ნინოს ასეთი გემრიელი რეცეპტისათვის.
მასალა:
- 0,5 კგ ვაშლატამა
- 3 კვერცხი
- 1 ჭ შაქარი
- 1 ჩკ სოდა ან 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
- 500 გ მაწონი ან ნატურალური იოგურტი
- 100 გ მარგარინი
- 1 შეკვრა ვანილი
- 2 ჭ ფქვილი (შეიძლება ცოტა მეტი დასჭირდეს)
მომზადება:
კანიანი ვაშლატამა დაჭერით ზოლებად.
კვერცხისაგან და შაქრისაგან გააკეთეთ გოგლი-მოგლი. მაწონში გახსენით სოდა ან გამაფხვიერებელი და შეურიეთ გოგლი-მოგლს. დაუმატეთ გამდნარი მარგარინი, ვანილი და ფქვილი. ცომს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია. ცივ ფორმას წაუსვით მარგარინი, მოაყარეთ ფქვილი და თანაბრად გადაანაწილეთ ცომი. ცომზე დაალაგეთ დაჭრილი ვაშლატამა და შედგით ცხელ ღუმელში გამოსაცხობად.
რომ გამოცხვება, აცალეთ გაცივება და მოაყარეთ შაქრის პუდრი.
მიირთვით გემრიელად!