ომლეტი „ქამელეონი“ ისპანახით და ყველით
ისპანახი ძალიან სასარგებლო საკვები მცენარეა, რომელიც მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით, შეიცავს რკინის დიდ რაოდენობას. ასევე მდიდარია B-ჯგუფის ვიტამინებით, C ვიტამინით, ბეტა კაროტინით. 100 გრამი უმი ისპანახი შეიცავს მხოლოდ 23 კილოკალორიას.
ომლეტი „ქამელეონი“ ძალიან გემრიელი, დაბალკალორიული, ნახშირწყლებით ღარიბი და ჯანსაღი კერძია, რომელსაც ისპანახი ვიტამინებით ამდიდრებს და არომატულს ხდის.
მასალა:
- 2 კვერცხი,
- 1 სკ ხაჭო,
- 100 გ ისპანახი (შეგიძლიათ გაყინულიც გამოიყენოთ)
- 4 თხელი ნაჭერი ჰოლანდიური ყველი,
- ქინძი, ოხრახუში, მარილი, პილპილი (ან წიწაკა) გემოვნებით
- ცოტა ზეთი შესაწვავად
მომზადება:
კვერცხები ათქვიფეთ, დაამატეთ ისპანახის ნორჩი ფოთლები, ქინძი, ოხრახუში და დააბლენდერეთ, დაამატეთ ხაჭო და კიდევ კარგად აურიეთ, შეკმაზეთ მარილით და პილპილით, ან წიწაკით.
სქელძირიან ტაფაზე დაასხით ზეთი, გააცხელეთ ზომიერად, ჩაასხით მასის ნაწილი, დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე შეწვით. ზედაპირი რომ შეიკვრება, გადააბრუნეთ, ცეცხლს დაუწიეთ და ზედაპირზე მოაწყვეთ ყველის ნაჭრები.
ყველი დნობას რომ დაიწყებს, სამზარეულოს დიდი ნიჩბით გადაიტანეთ ომლეტი დიდ თეფშზე და გადაახვიეთ რულეტისებურად (ფრთხილად, ძალიან ცხელია!).
გააფორმეთ (მიატანეთ) მწვანე სალათის ფოთლების სალათით, ან კიტრის და პამიდვრის სალათით, ან რაც გესიამოვნებათ.
P.S. კალორიულობა შეგიძლიათ შეამციროთ, თუ დაბალი ცხიმიანობის ყველს და ხაჭოს გამოიყენებთ.
მიირთვით გემრიელად!