პასკა
გემრიელი პასკის რეცეპტი ნინო გვარაძისაგან. ამ რეცეპტით ადვილად და სწრაფად მოამზადებთ არომატულ და ლამაზ პასკებს. მადლობა ნინოს რეცეპტისათვის.
მასალა:
- 1,5 ჭიქა რძე (250 მლ-იანი ჭიქა)
- 25 გ ნედლი საფუარი
- 2 ჭიქამდე შაქარი
- 150 გ კარაქი
- 5 ცალი კვერცხი
- 5 ჩ ჭიქა ფქვილი (დაახლოებით)
- 100-150 გ ქიშმიში
- 1 ცალი ლიმონი
- 2 ჩ/კ მუსკატის კაკალი
- 1 ჩ/კ დარიჩინი
- დანის წვერით მიხაკი, მწიკვი მარილი, ვანილი
- ცოტაოდენი ზეთი ცომის მოსაზელად
მომზადება:
რძე შეათბეთ (არ გააცხელოთ!), აურიეთ საფუარი და 1 ს/კ შაქარი და დადგით თბილ ადგილას 15 წუთით. შემდეგ აურიეთ ფქვილი იმდენი რომ თხელი ბლინის კონსისტენცია მიიღოთ, დადგით ისევ თბილ ადგილას ამოსაფუებლად, დაახლოებით ნახევარი საათი.
ნელ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი და შეაგრილეთ.
კვერცხის გულებისგან და შაქრისგან გააკეთეთ გოგლი-მოგლი და შეურიეთ საფუარიან მასას, დაუმატეთ შეგრილებული კარაქი, მწიკვი მარილი, ვანილი და ბოლოს ამატეთ ფქვილი ნელ-ნელა. ცომი მოზილეთ ხელით დაახლოებით 20 წუთი. დროდადრო ხელი ზეთში ისველეთ. ცომი მზად იქნება თუ ხელს აღარ ეკრობა. ჯამს გადააფარეთ ტილო და დადგით თბილ ადგილას 2-3 საათით.
სუნელები: მუსკატის კაკალს დაუმატეთ დარიჩინი, მიხაკი, 1 ლიმონის ცედრა და გახსენით 2 სკ ლიმონის წვენში.
ქიშმიში ამოავლეთ ფქვილში რომ დაცალკევდეს.
2-3 საათის შემდეგ ცომი გადაზილეთ (ხელი ზეთში ისველეთ), დაუმატეთ ქიშმიში და სუნელები.
ფორმები კარგად გაცხიმეთ, ძირზე მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი, ფორმები ცომით ნახევრამდე შეავსეთ და შედგით წინასწარ 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად. ცხვება დაახლოებით 50 წუთი. დიდი ზომის პასკებს შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს გამოსაცხობად. მზა პასკები ცხელივე გადმოიღეთ ფორმებიდან. განელებულს მოაყარეთ შაქრის პუდრა ან თქვენი გემოვნებით მორთეთ.
ამ პორციით გამოდის 2 დიდი და 1 პატარა პასკა, თუ მეტის გამოცხობა გსურთ, პორცია გააორმაგეთ.
მიირთვით გემრიელად!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!