ხაჭოს პასკა
გემრიელი და სასარგებლო დესერტი – ხაჭოს პასკა.
ხაჭოს პასკის მოსამზადებლად ხაჭო სამი დღე ვწურე, ამის გამო მას სითხე მთლიანად გამოელია. ამიტომაც მომზადების შემდეგ გაწურვა აღარ დასჭირდა. ჩემთვის ხაჭოს ამ რაოდენობისათვის 100 გ შაქარი საკმარისია, თქვენ შეგიძლიათ მეტი დაუმატოთ, თუ კი გსურთ. ძალიან მაინტერესებდა, ხაჭოს პასკას კაკლის მურაბა თუ მოუხდებოდა. ვცადე და ძალიან მომეწონა. თქვენც სინჯეთ
მასალა:
- 1,5 კგ ხაჭო
- 100 გ შაქარი (დაახლოებით)
- 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი, ან ვანილი სხვა ფორმით
- 4 კვერცხის გული
- 100 გ კარაქი
- 100 გ მოხალული ნიგოზი
- 100 გ ფინიკის ნაყოფი
- 10 ცალი კაკლის მურაბა (დაახლოებით)
- 100 გ მშრალი ხილი (გარგარი, ქლიავი, ქიშმიში)
- შოკოლადის ფილა, კენკრა და კაკაოს ფხვნილი დეკორაციისათვის
მომზადება:
ხაჭო გაწურეთ ორი-სამი დღის განმავლობაში. ამ პერიოდში მაცივარში შეინახეთ.
კვერცხის გულები შაქართან და ვანილთან გათქვიფეთ ორთქლის აბაზანაზე, ვიდრე კვერცხი არ აქაფდება და შაქარი არ დადნება. შეაგრილეთ, დაამატეთ დარბილებული კარაქი და თქვიფეთ. დაამატეთ ხაჭო, დატეხილი ნიგოზი, დაჭრილი ჩირეული და კაკლის მურაბა და კარგად მოურიეთ. ხაჭოს პასკისათვის შეარჩიეთ ერთი დიდი ან რამოდენიმე მომცრო ზომის ჯამი. ჯამი ამოფინეთ კულინარული ცელოფანით, ჩადეთ შიგნით ხაჭოს მასა, თავი გადაუსწორეთ, ზევიდანაც გადააფარეცელოფანი და შედგით მაცივარში რამოდენიმე საათით.
სუფრასთან მიტანის წინ ხაჭოს პასკა გადააბრუნეთ თეფშზე და ცელოფანი მოხსენით. მოაფრქვიეთ კაკაო და მორთეთ შოკოლადით. ზევიდან მოაწყვეთ კენკრა ან მშრალი ხილი.
მორჩენილი ხაჭოს პასკა შეგიძლიათ საყინულეში გაყინოთ და მოგვიანებით გამოიყენოთ.
გისურვებთ ბედნიერ აღდგომას! <3
მიირთვით გემრიელად!