ინდაურის და ბადრიჯნის ლაზანიე
ინდაურის და ბადრიჯნის ლაზანიე – გახლავთ ცილებით მდიდარი და დაბალ ნახშირწყლოვანი კერძი. ამ კერძს პირობითად (ნახევრად ხუმრობითაც) დავარქვი ლაზანიე, რადგან ესეც ფენებისაგან შედგება, მაგრამ ნამდვილი ლაზანიესაგან განსხვავებით არ შეიცავს მაკარონის ფირფიტებს. ამიტომაც ეს კერძი დაბალნახშირწყლოვანი და აგრეთვე აგლუტენური კვების დროს გამოგადგებათ. სოუსი შეგიძლიათ თავად შეურჩიოთ, მაგალითად, პამიდვრის ან ნაღების სოუსი. უგემრიელესია, მოამზადეთ აუცილებლად.
მასალა ერთი ულუფისათვის:
- 200-300 გ ინდაურის მკერდის ფილეს ფართე ნაჭერი
- 1 საშუალო ზომის ბადრიჯანი
- 100 გ მოცარელა ან სულგუნი
- ½ ხახვი
- 4 ფოთოლი ნორჩი ისპანახი
- 1 კბილი ნიორი (სურვილით)
- Mარილი და დაფქული წიწაკა
- ცოტაოდენი ქინძი
- ზეთი ბადრიჯნისა და ხორცის შესაწვავად
მომზადება:
მოცარელა დაჭერით თხელ ნაჭრებად. ხახვი დაჭერით თხელ რგოლებად. ისპანახის ქორფა ფოთლები გარეცხეთ და დაწურეთ. ქინძი დაჭერით.
ბადრიჯანი შეწვით ისე, როგორც ნიგვზიანი ბადრიჯნის რეცეპტშია აღწერილი.
ინდაურის ფილე დაჭერით სამ თხელ ფენად. თითოეულს მოაფრქვიეთ მარილი და წიწაკა და შეწვით მსუბუქად ზეთიან ტაფაზე, 2-2 წუთი ორივე მხრიდან. ხორცი ამოიღეთ ტაფიდან და მაშინვე, ვიდრე ცხელია შეუდექით აწყობას:
ცეცხლგამძლე ფორმაში ჩადეთ ხორცის ერთი ფენა, მოაწყვეთ ხახვის რგოლები, მოაფრქვიეთ ქინძი, დაადეთ ერთი-ორი ფენა ბადრიჯანი, ისპანახის ფოთოლი და მოაწყვეთ ყველის ერთი ან ორი ნაჭერი. ზევიდან დაადეთ კიდევ ერთი ასეთი ”სართული”, დააფარეთ ხორცის მესამე ფენა, მოაწყვეთ ყველის ნაჭრები და შედგით 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთით. ყველი რომ დადნება და შეიბრაწება, ლაზანიე მზად არის.
თუ გსურთ, შეგიძლიათ ფენებს შორის გაჭყლეტილი ნიორიც წააცხოთ.
ინდაურის და ბადრიჯნის ლაზანიე მიირთვით ცხელ-ცხელი სალათთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!