ხაჭოს და კენკრის დესერტი
წარმოგიდგენთ ჩემს საყვარელ ხაჭოს და კენკრის დესერტს – ძალიან გემრიელია და სასარგებლო , ამავე დროს, უმარტივესია მოსამზადებლად. თუ ნაკლებცხიმიან პროდუქტებს გამოიყენებთ, ნაკლებკალორიული დესერტიც გამოგივათ.
მასალა:
- 500 გ ხაჭო
- 250 გ მაწონი ან ნატურალური იოგურტი
- ყავისფერი (ან თეთრი) შაქარი/ხელოვნური სიტკბო/სტევია
- ხსნადი ყავის ფხვნილი
- ხილი (კენკროვონები/ონტკოფა/ატამი/ციტრუსები)
- დათლილი ნუში ან მსხვილად დაჭრილი ნიგოზი
მომზადება:
ხაჭო და მაწონი ან ნატურალური იოგურტი თქვენთვის სასურველი ცხიმიანობით შეურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ ხსნადი ყავის ფხვნილი იმდენი, რომ ხაჭომ მიიღოს ყავის მსუბუქი არომატი, დაატკბეთ ყავისფერი, ან თეთრი შაქრით, კარგად აურიეთ.
რაიმე ჭურჭელში – ჭიქებში, პატარა ფიალებში ან მოზრდილ ჯამში ფენა-ფენად მოათავსეთ ხაჭო, ხილი და ნიგოზი ან ნუში. ასევე ზევიდანაც მოაყარეთ მოხალული დათლილი ნუში ან ნიგოზი.
ამ დესერტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ხილი, ძალიან გემრიელია მარწყვით, ონტკოფათი, სხვადასხვა კენკროვანებით. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ატამი, ციტრუსები, ან ხილის ნარევი. ზამთარში კი-სითხისაგან დაწურული კომპოტები.
სტუმრებისათვის შეგიძლიათ პატარა ულუფებად (პატარა ვაზა, ფიალა…) მოამზადოთ, ან მთელი ულუფა ერთი დიდი ლამაზი ჭურჭლით მიიტანოთ სუფრაზე.
შეგიძლიათ უკვე მომზადებული დესერტი “ბლენდერით” ათქვიფოთ. კონსისტენცია თავად ცვალეთ ხაჭოს, მაწვნის და ხილის რაოდენობის თანაფარდობით. ცოტა თხელს თუ მოამზადებთ, შეგიძლიათ ჩხირითაც მოწრუპოთ. კარგად გააცივეთ და მიირთვით გემრიელად!
შენიშვნა: ხაჭოს დატკბობისას ხილის სიმწიფე და სიტკბო გაითვალისწინეთ.
მიირთვით მაცივარში გაგრილებული გემრიელად!