ბრინჯის ფურცლის რულეტი ხორცით
გთავაზობთ ძალიან გემრიელ კერძს – ბრინჯის ფურცლის რულეტი ხორცით – რომელიც ვიეტნამური ბრინჯის ფურცლებით და ჩვენებური ხორცის ღვეზელის შიგთავსითაა მომზადებული. ასე, რომ ძნელია, ამ კერძის მიკუთვნება რომელიმე ქვეყნის სამზარეულოსათვის. კერძი სწრაფად მზადდება. სახალისო მოსამზადებელია სტუმრებთან ერთად. სუფრაზე მიიტანეთ ყველა საჭირო მასალა: დაჭრილი ბოსტნეული, ხორცი, ჭურჭელი წყლით და ბრინჯის ფურცლები. სუფრის ყველა წევრი თავისთვის ამზადებს რულეტს, დიასახლისი განტვირთულია და სტუმრებიც მხიარულები და კმაყოფილები არიან.
მასალა:
- 500 გ ფარში (შერეული გატარებული ხორცი)
- 1 საშუალო ზომის ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 50 გ მრგვალმარცვალა ბრინჯი
- პილპილი, მარილი გემოვნებით
- ზეთი ხორცის ჩასაშუშად
- 1 შეკვრა ბრინჯის ფურცლები (22 სმ დიამეტრით)
- 1-2 ბულგარული წიწაკა
- 2-3 სტაფილო
- 2-3 პატარა კიტრი
- სოიოს სოუსი
მომზადება:
ბოსტნეული დაჭერით ჩხირებად ან წვრილ ზოლებად. გადააფარეთ კულინარული ცელოფანი, რომ არ გამოშრეს.
ღრმა ტაფაში მსუბუქად მოხრაკეთ წვრილად დჭრილი ხახვი და ნიორი ზეთში. ჩაამატეთ გატარებული ხორცი, კოვზით კარგად დაანაწილეთ და ჩაშუშეთ ზომიერ ცეცხლზე. ხშირად ურიეთ, რომ ხორცი არ შეწებდეს. ხორცი რომ მომზადდება, შეკმაზეთ ძლიერად მარილით და პილპილით, დააამატეთ წინასწარ მარილწყალში მოხარშული, დაწურული ბრინჯი. გემო გაუსინჯეთ და ცოტა ხანს კიდევ ჩაშუშეთ ბრინჯთან ერთად.
ბრინჯის სათითაო ფურცელი ჩადეთ გადაშლილ ჭურჭელშიჩასხმულ თბილ წყალში, ვიდრე ფურცელი დრეკადი არ გახდება (დაახლოებით 15-20 წამით), ორივე ხელით ამოიღეთ, მსუბუქად დაფერთხეთ და ფრთხილად გადაშალეთ სამუშაო დაფაზე ან პირდაპირ თეფშზე დადეთ. ერთ კიდესთან დაადეთ დაახლოებით 1-2 სადილის კოვზი ხორცი და ბოსტნეულის ჩხირები გემოვნებით, ბოსტნეულს მოაფრქვიეთ მარილი და პილპილი და გადაახვიეთ ტოლმისებურად. გადახვეული ბრინჯის ფურცლები დადეთ თეფშზე და მოაწვეთეთ სოიოს სოუსი.
მიირთვით გემრიელად!
რჩევა: ბრინჯის ფურცელი დასველების შემდეგ წებვადია და წყლიდან ფრთხილად უნდა ამოიღოთ, რომ არ დაგიზიანდეთ.