რევანდის და პუდინგის ტარტი
ძალიან გემრიელი და არომატული რევანდის და პუდინგის ტარტი სრულმარცვლოვანი ფქვილით.
მასალა 26 სმ დიამეტრიანი ფორმისათვის:
- 250 გ სრულმარცვლოვანი ან თეთრი ფქვილი
- 120 გ კარაქი
- 75 გ შაქარი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 1 კვერცხი
- მწიკვი მარილი
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი
- 2-3 სკ წყალი საჭიროების შემთხვევაში
- ცოტაოდენი კარაქი ფორმაზე წასაცხობად
- 1 შეკვრა ვანილიანი პუდინგის ფხვნილი
- 500 მლ რძე
- 2 სკ წყალი
- 500 გ რევანდი
- ცოტაოდენი დათლილი ნუში ან დატეხილი ნიგოზი
- შაქრის პუდრი (სურვილით) მოსაფრქვევად
მომზადება:
პუდინგის ფხვნილი, რძე და შაქარი აურიეთ, შედგით მიკროტალღოვან ღუმელში 800 ვატზე 2-4 წუთით. წუთში ერთხელ გამოიღეთ ღუმელიდან და მოურიეთ. ფრთხილად, შეიძლება პუდინგი ამოდუღდეს და გადმოვიდეს, ამიტომ ეცადეთ უყურადღებოდ არ დატოვოთ. შემდეგ კულინარული ცელოფანი გადააფარეთ და შეაგრილეთ.
ფქვილი, შაქარი, მარილი, ვანილიანი შაქარი და გამაფხვიერებელი აურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ დაჭრილი ცივი კარაქი და კვერცხი და ხელით აზილეთ. თუ ცომი არ შეიკვრება, დაუმატეთ თითო სკ წყალი. ცელოფანში შეხვეული ცომი 30-60 წუთით მაცივარში დაასვენეთ.
ამასობაში მოამზადეთ რევანდი: გარეცხეთ, გაფცქვენით და 5-7 სმ ნაჭრებად დაჭერით.
ტარტის ფორმას (ან ფორმა, რომელსაც გვერდები ეხსნება) ძირზე და გვერდებზე კარაქი წააცხეთ.
გაგრილებული ცომი ფქვილიან ზედაპირზე გააბრტყელეთ დაახლოებით 30 სმ დიამეტრის წრის ფორმით, ფრთხილად ჩაფინეთ ყალიბის ძირზე და გვერდებზეც მიაწებეთ. ზედმეტი ცომი გადაჭერით. ცომი კარგად დატკეპნეთ და ჩანგლით დაჩხვლიტეთ, გადაუსვით პუდინგი, წრიულად მოაწყვეთ რევანდი , მოაფრქვიეთ დათლილი ნუში ან ნიგოზი და გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთი.
გამომცხვარი რევანდის და პუდინგის ტარტი გააცივეთ და ისიამოვნეთ.
თუ რევანდის და პუდინგის ტარტი საკმარისად ტკბილი არ არის და ნამცხვარს სიტკბო აკლია, ზევიდან შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.
მიირთვით გემრიელად!