ძროხის ხორცის რულეტი
მინდა გაგაცნოთ ძალიან გემრიელი კერძი – ძროხის ხორცის რულეტი (Rinderroulade), რომელიც ტრადიციული საკვირაო კერძია გერმანიასა და ავსტრიაში.
გავრცელებულია ამ კერძის სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ჰგავს ერთმანეთს. გარნირად მიირთმევენ იისფერი კომბოსტოს სალათს და კარტოფილისაგან მომზადებულ თანმხლებ კერძებს, მაგალითად: მარილწყალში მოხარშული კარტოფილს ან კარტოფილის პიურეს. რულეტში ჩახვეული ბეკონი და მდოგვი განუმეორებელ და სახასიათო არომატს ანიჭებს ამ ტრადიციულ კერძს. ძალიან მოგეწონებათ, აუცილებლად სინჯეთ. არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას.
მასალა 4 ულუფისათვის:
4 დიდი, თხელი ნაჭერი ძროხის ხორცი (დაახლოებით 180-200 გ, 30სმX10სმ)ან
8 პატარა, თხელი ნაჭერი ძროხის ხორცი (დაახლოებით 100 გ, 15სმX10სმ)
3-4 სკ მდოგვი
1-2 ხახვი
150 გ კიტრის მწნილი
200 გ ბეკონი ან ლორის თხელი ნაჭრები
1-2 სკ ზეთი
2 ჩკ პილპილის მარცვლები (მთლიანი)
2 ცალი დაფნის ფოთოლი
2 სკ პამიდვრის პასტა
100 მლ წითელი ღვინო
500 მლ ადუღებული წყალი ან ბულიონი
მარილი და პილპილი გემოვნებით
ცოტაოდენი კარტოფილის ფქვილი
მომზადება:
კიტრები სიგრძეზე ოთხად გაჭერით, ხახვი თხელ სიგრძივ ნაჭრებად დაჭერით.
ძროხის ხორცის ნაჭრები გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცით შეაშრეთ. თუ სისქეში 0,5 სმ-ზე მეტია, მსუბუქად დაბეგვეთ. ხორცს ორივე მხრიდან მარილი და პილპილი მოაფრქვიეთ, ერთი მხრიდან მდოგვი წაუსვით და ბეკონის ან ლორის ნაჭრები დააფინეთ.
ზევიდან კიტრის და ხახვის რამოდენიმე ნაჭერი მოაწყვეთ და გადაახვიეთ რულეტივით. ხორცის რულეტი შეკარით კულინარული ძაფით ან დაამაგრეთ მეტალის ჩხირით.
სქელძირიან ქვაბში ზეთი გააცხელეთ და ძროხის ხორცის რულეტები ყველა მხრიდან ძლიერად შებრაწეთ. შემდეგ ქვაბიდან ამოიღეთ.
დანარჩენი ხახვი იგივე ქვაბში, შენაწვავ ცხიმში მოშუშეთ, დაამატეთ პამიდვრის პასტა და კოვზით კარგად აურიეთ ხახვში. ჩაამატეთ ღვინო, კარგად მოურიეთ, ცხელი წყალი ან ბულიონიც ჩაასხით, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი და შეკმაზეთ მარილით და პილპილით. ადუღებულ სითხეში ჩააწყვეთ შებრაწული ხორცის რულეტები და თავდახურული, დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 1,5-2 საათი. რულეტებს სითხე ოდნავ უნდა ფარავდეს და ხარშვის პროცესში ნაზად დუღდეს.
რულეტები მზად რომ იქნება, ისევ ამოიღეთ სითხიდან, სითხე კარტოფილის ფქვილით ოდნავ შეასქელეთ, ჩააბრუნეთ რულეტები, რომ გათბეს.
ძროხის ხორცის ტულეტები სუფრასთან ცხელი მიიტანეთ მოხარშულ კარტოფილთან ან კარტოფილის პიურესთან ერთად.
მიირთვით გემრიელად!
[…] Rinderroulade ist ein traditionelles Sonntagsgericht in Deutschland und in Österreich. Mögliche Variationen der Rinderroulade sind unterschiedliche Füllungen, zum Beispiel, Hackfleischfüllung, was ich heute auch vorstellen möchte. Das Gericht ist köstlich und nicht kompliziert nachzukochen. […]