ჭარხლის და თალგამის კრემსუპი
ჭარხლის და თალგამის კრემსუპი ვიტამინებით მდიდარი, დაბალკალორიული და დაბალნახშირწყლოვანი ძალიან გემრიელი კერძია. არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას (თუ კრემყველს და არაჟანს არ იხმართ).
მარხულებს და ვეგანებსაც გამოადგებათ. აუცილებლად მოამზადეთ, ძალიან მოგეწონებათ.
მასალა:
- 2-3 თავი ხახვი
- 4 კბილი ნიორი
- 500 გ ჭარხალი
- 500 გ თალგამი
- 1-2 სკ ზეითუნის/რაპსის ზეთი
- მარილი, წითელი წიწაკა (ხმელი ან ნედლი)
- 2 ჩკ ხმელი ქინძი
- 1 ჩკ კურკუმა, დაფქული
- ქინძის პატარა კონა
- კრემ-ყველი ან არაჟანი სურვილით
- ცოტაოდენი ფსტა ან სხვა თხილეული დეკორაციისათვის
მომზადება:
ჭარხალი და თალგამი გარეცხეთ, გათალეთ დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად. მოათავსეთ ქვაბში დაჭრილ ხახვთან და 2 კბილ ნიორთან ერთად, დაასხით იმდენი ადუღებული წყალი, რომ ბოსტნეული ოდნავ დაიფაროს და ხარშეთ, ვიდრე ბოსტნეული არ დარბილდება.
ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან. თუ მოხარშვის შემდეგ ბოსტნეული ისევ სითხითაა დაფარული, ერთი ფინჯანი ნახარში მოაკელით და გადაინახეთ. ბოსტნეულს დაამატეთ ზეთი, დანარჩენი 2 კბილი ნიორი, სუნელები, დაჭრილი ქინძი და მარილი და “ბლენდერით” ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. სუპის სისქე თავად არეგულირეთ, თუ ძალიან სქელი გამოვიდა, მორჩენილი ნახარში დაუმატეთ. გემო გაუსინჯეთ, დამატებით შეკმაზეთ, თუ სჭირდება და კედევ ერთხელ წამოადუღეთ.
ჭარხლის და თალგამის კრემსუპი სუფრასთან ცხელ-ცხელი მიიტანეთ ღრმა თეფშით. თეფშზე დასხმულ სუპს მოაფრქვიეთ თხილეული ან/და დაამატეთ 1 ჩკ მდნარი ყველი ან არაჟანი (სურვილით).
მიირთვით გემრიელად!