შოკოლადის ტორტი
ეს მსუბუქი ტორტი შოკოლადის ინტენსიური არომატით ჩემმა შვილმა გამოაცხო. ტორტს მხოლოდ 50 გ ცხიმი აქვს ცომში, კრემი კი კარაქის დამატების გარეშე მზადდება. ძალიან გემრიელი და ადვილი გამოსაცხობია.
მასალა 26 სმ დიამეტრის ფორმისათვის:
ცომი:
- 215 გ შაქარი
- 50 გ კარაქი
- 2 კვერცხი
- 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 250 მლ მაწონი
- 230 გ ფქვილი
- 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
- 125 გ კაკაო
კრემი:
- 40 გ სახამებელი
- 0,5 ლ რძე
- 50 გ კაკაო
- 1 კვერცხი
- 80 გ შაქარი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
მომზადება:
ბისკვიტი:
26 სმ დიამეტრის მრგვალ ფორმაში ჩაფინეთ ქაღალდი.
შაქარი, ვანილიანი შაქარი და კარაქი ათქვიფეთ, დაამატეთ თითო-თითო კვერცხი და გააგრძელეთ თქვეფა. ფქვილში შეურიეთ გამაფხვიერებელი და კაკაო და მაწონთან მონაცვლეობით შეურიეთ კვერცხიან მასას. Mომზადებულ ფორმაში ჩაასხით ცომი და გამოაცხეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთი. მზადყოფნა ჩხირით შეამოწმეთ. გამომცხვარი ბისკვიტი ცოტა შეაგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან და აცალეთ გაცივება. გაცივებული გაჭერით სიბრტყეზე ორ ან სამ ფენად, შეაერთეთ კრემით და მორთეთ.
კრემი:
შაქარი, კვერცხი, სახამებელი, კაკაო, გახსენით დაახლოებით 5 სკ რძეში (აიღეთ 0,5 ლიტრიდან) და კარგად ათქვიფეთ. ნელა დაამატეთ ადუღებული დანარჩენი რძე და მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. კრემს მაშინვე შეურიეთ ვანილიანი შაქარი, კულინარული ცელოფანი გადააფარეთ ზედაპირზე და გააცივეთ. გაცივებული მიქსერით ათქვიფეთ და წაუსვით ნამცხვარს.
მიირთვით გემრიელად!