ნიგვზიანი ხაჭაპური
ნიგვზიანი ხაჭაპურის გამოცხობის იდეა სრულიად სპონტანურად მომივიდა ნიგვზიანი სრულმარცვლოვანი პურის ცომის ზელვისას. სასწრაფოდ მოვამზადე ყველის გულსართიც და გამოვაცხვე ნიგვზიანი ხაჭაპური. მერწმუნეთ, უგემრიელესი გამოვიდა. თუ სურვილი გაქვთ, სრულმარცვლოვანის ნაცვლად თეთრი ფქვილი გამოიყენეთ. აუცილებლად სინჯეთ, მოგეწონებათ.
მასალა ორი ხაჭაპურისათვის:
- 250 გ იფქილის ან ხორბლის სრულმარცვლოვანი ფქვილი
- 250 გ იფქილის ან ხორბლის თეთრი ფქვილი
- 1 სკ მშრალი საფუარი
- 1 ჩკ მარილი
- 100 გ ნიგოზი, მსხვილად დატეხილი
- 24 ცალი ნიგვზის ნახევარი ლებანი (დაახლოებით)
- დაახლოებით 400-450 მლ ნელ-თბილი წყალი
- 500 გ ყველი (უცხოეთში მოცარელა და ბალკანური ყველი არეული)
მომზადება:
ფქვილი, საფუარი და მარილი აურიეთ ერთმანეთში, თანდათანობით ჩაამატეთ ნელთბილი წყალი და მოზილეთ ცომი. ცომი მანამდე ზილეთ, ვიდრე ჯამის კედლებიდან მოშორებას არ დაიწყებს. ჯამს კულინარული ცელოფანი გადააფარეთ და თბილ ადგილას დადგით, ვიდრე კარგად არ ამოფუვდება.
გაფუების შემდეგ ცომი ფქვილიან ზედაპირზე გადაიტანეთ, დატეხილი ნიგოზი დაამატეთ და გადაზილეთ. ცომი ორად გაყავით, გააკეთეთ გუნდები და გადააფარეთ ცელოფანი.
ყველი ხელით დაფშვნიტეთ, გაყავით ორად.
ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუსზე.
აიღეთ ცომის ერთი გუნდა, ოდნავ დააბრტყელეთ (იხ. სურათი), ზევიდან დაადეთ ყველის ერთი ნაწილი, ცომს თავი მოუკარით და გააბრტყელეთ სასურველ სისქემდე და დიამეტრამდე. გაბრტყელებისას ეცადეთ ყველი თანაბრად გადაანაწილოთ. შემდეგ ფრთხილად გადაიტანეთ ღუმელის ცივ ფურცელზე, ფორმა შეუსწორეთ და ზედაპირზე რამოდენიმე ხვრელი გაუკეთეთ. ძედაპირზე ფუნჯით წაუსვით რძეში ათქვეფილი კვერცხის გული, ან წყალი და მოაწყვეთ ნიგვზის ლებნები.
ნიგვზიანი ხაჭაპური გამოაცხვეთ ღუმელის შუა დონეზე.
მიირთვით გემრიელად!