შუს ტორტი

On 18/11/2014 by letusc

შუს ტორტი ჩემს შვილს დაბადების დღისათვის გამოვუცხვე. გვანცას ძალიან უყვარს შუ და ეკლერი, ჰოდა ვიფიქრე, შუს ტორტი გაახარებდა. იდეა მართლა ძალიან მოეწონა და თვითონვე ააწყო. ტორტი უგემრიელესი გამოვიდა. მოამზადეთ აუცილებლად. Smile გლუტენის აუტანლობის შემთხვევაში შეგიძლიათ უგლუტენო ფქვილითაც მოამზადოთ.

Windbeutel-Torte

მასალა დაახლოებით 26 სმ ფორმისათვის:

ცომი:

  • 500 მლ წყალი
  • 200 გ კარაქი
  • 300 გ ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 5-7 კვერცხი (ზომაზე დამოკიდებულებით)

კრემი:

  • 6 კვერცხი
  • 350 გ შაქარი
  • 250 გ სახამებელი (მაგ. სიმინდის)
  • 300 მლ ოთახის ტემპერატურის რძე
  • 1 ლ ცხელი რძე
  • 1 სკ კონიაკი
  • 6 სკ კაკაო
  • 200 გ კარაქი
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი

მომზადება:

თავდაპირველად მოამზადეთ კრემი:
რძე აადუღეთ.  
კვერცხები გათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ გაცრილი სახამებელი და ცივი რძე ნაწილ-ნაწილ და მორიგეობით და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ნელ-ნელა დაასხით მდუღარე რძე და განუწყვეტლივ ურიეთ. დადგით ნელ ცეცხლზე და მუდმივი რევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ბუშტების გამოჩენისთანავე კრემი მზად არის. მოხარშულ კრემს ცხელსვე შეურიეთ კარაქი და ვანილიანი შაქარი და კარგად გახსენით კრემში. შემდეგ ზედაპირზე გადააფარეთ კულინარული ცელოფანი ისე, რომ ცელოფანი კრემის ზედაპირს მჭიდროდ ეხებოდეს და აცალეთ მთლიანად გაცივება.
გაცივებული კრემი ათქვიფეთ და შეურიეთ კონიაკი. კრემი გაყავით შუაზე, ერთ ნახევარს დაამატეთ  გაცრილი კაკაო და კიდევ ათქვიფეთ მიქსერით.

ვიდრე კრემი ცივდება, მოამზადეთ ცომი:
ქვაბში აადუღეთ წყალი კარაქთან და მარილთან ერთად. ჩაყარეთ ფქვილი და კოვზის ძლიერი მორევით შეურიეთ სითხეს. ქვაბი ნელ ცეცხლზე დატოვეთ და ცომს ურიეთ, ვიდრე ცომი გუნდის ფორმას არ მიიღებს და ქვაბის ფსკერს არ მოსცილდება. ოდნავ შეაგრილეთ და თითო-თითო კვერცხი შეათქვიფეთ მიქსერით. ერთი კვერცხი ბოლომდე რომ შეერევა, შემდეგი შემდეგ ჩაახალეთ. ცომი უნდა იყოს ელასტიური, მაგრამ არა თხევადი.
თუნუქის ქაღალდდაფენილ ფურცელზე დასვით ჩაის კოვზით პატარა ბურთები. ამ მასალით გამოვა დაახლოებით 50 პატარა შუ. წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ ვიდრე შუები არ დაიბერება და ფერს არ შეიცვლის (20-30 წუთი). შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და ცხრილზე გააცივეთ.

აწყობა:
შუს ტორტისათვის მოამზადეთ დაახლოებით 26 სმ დიამეტრიანი მრგვალი ფორმა. უკეთესია მინის ყალიბი, რადგან გამჭვირვალე გვერდებიდან ნამცხვარი ლამაზად ჩანს.
დაახლოებით 10 ცალი შუ ხელით დააქუცმაცეთ და შეურიეთ რამოდენიმე კოვზი კაკაოიანი კრემი. ეს მასა ფორმის ფსკერზე გადაანაწილეთ.
შუების ნახევარს ჩაუდეთ კაკაოიანი და მეორე ნახევარს – თეთრი კრემი.

Windbeutel

Windbeutelkuchen

ფორმაში კრემიან მასაზე დააწყვეთ თეთრი კრემით შევსებული შუები (დაახლოებით 20 ცალი) და გადაუსვით თეთრი და მორჩენილი კაკაოიანი კრემი. შემდეგ ფენაზე მოაწყვეთ შუები კაკაოიანი კრემით.

Windbeutel mit Creme
მომზადებულ შუს ტორტს ზევიდან შოკოლადის მინანქარი მოაწვეთეთ.

მიირთვით გემრიელად! Smile

შენიშვნა: თუ უგლუტენო ფქვილს გამოიყენებთ, მიიღებთ ძალიან გემრიელ აგლუტენურ ტორტს.

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *